HRC სუფთა ფურცლისა და "ირაყლის" გამო დაკავებულებზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

HRC სუფთა ფურცლისა და "ირაყლის" გამო დაკავებულებზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) სამოქალაქო აქტივისტების, ლაშა ჯანჯღავასა და ლევან ნიშნიანიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. საქმე ეხება 2 ივნისს გამართულ აქციას, სადაც ისინი თეთრი ფურცლებისა და "ირა*ყლის" წარწერიანი ბანერის ჭერის გამო დააკავეს.

ორგანიზაცია მოითხოვს, გაუქმდეს საქალაქოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აქტივისტები 2 000 ლარით დააჯარიმეს.

"ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2 ივნისს საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე. ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა ამ აქციაში მონაწილეობდნენ და ბანერების გამოყენებით გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლურ განცხადებებთან დაკავშირებით. დაკავების დროს დაკავებულებისთვის პოლიციას არ განუმარტავს უფლებები და არც დაკავების მიზეზი და საფუძვლები. ასევე, დაკავებამდე პოლიციის მხრიდან არ მომხდარა არანაირი გაფრთხილება", - აცხადებენ HRC-ში.

ორგანიზაციის ცნობით, ჯანჯღავა და ნიშნიანიძე პოლიციამ დუშეთის რაიონის დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს 24-საათიანი დაკავების ვადა გაუგრძელა.

"შემდგომ ისე, რომ საქმე ჯერაც არ ჰქონდათ შეტანილი სასამართლოში, დაახლოებით 35 საათის გასვლის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან", - წერენ ისინი.

შსს დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სასამართლოზე შსს-ს არ წარმოუდგენია არანაირი სახის ვიდეომტკიცებულება და სამინისტროს წარმომადგენელი თავის მოსაზრებას მხოლოდ დაკავებაში მონაწილე მოწმე პოლიციელების ჩვენებზე ამყარებდა.

HRC-ის შეფასებით, სასამართლოში პოლიციელების ჩვენებები არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი იყო და არსებითად ეწინააღმდეგებოდა საქმეში დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებს.

"ლაშა ჯანჯღავას და ლევან ნიშნიანიძის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე სასამართლოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საქმეზე წარდგენილი სანდო და რეალური მტკიცებულებები და პოლიციელების ცრუ ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება ლაშა ჯანჯღავას და ლევან ნიშნიანიძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

***

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები.

დაკავებულს შორის იყო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში.

თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა.

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.