ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) გმობს ბოლო პერიოდში ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის შემთხვევებს.
ცენტრის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმებისა და ძალადობის ფაქტები შემაშფოთებელია, "რადგან ჩნდება რისკი, რომ მედია საქმიანობა ასოცირდებოდეს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პირობებში მუშაობასთან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მედიის თავისუფლების, მის მიერ ინფორმაციისა და იდეების გავრცელების უფლების შეზღუდვასთან."
"პრესის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებული ნაწილია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დაცული. კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან." - აცხადებს ცენტრი.
განცხადებაში განხილულია ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის 3 შემთხვევა, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაც.
"გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 27 ივნისს, ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს სავაჭრო ცენტრის შესასვლელში დაესხნენ თავს. ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს და მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის მიერ ძალადობის განხორციელების მოტივი მშვილდაძის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები გახდა. ამჟამად ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცა. მიშა მშვილდაძის ინფორმაციით, ძალადობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართულნი, კერძოდ, თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი იყოს" - წერია განცხადებაში.
ცენტრი აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმასა და მსგავს ფაქტებზე ხელისუფლების მაღალი თანამდებობების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული სუბიექტური განცხადებები, შესაძლოა, იქცეს მოძალადეების გამართლებისა და ძალადობის წახალისების ინსტრუმენტად.
"რეალურად, ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, ერთი მხრივ, გამოძიების ჯეროვანი წარმართვისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, ძალადობის შემცველი უკანონო ქმედებების აღკვეთისათვის." - წერია განცხადებაში.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან ცენტრი ასევე განიხილავს 12 ივლისს გავრცელებული ინფორმაციას TV პირველის ყოფილი წამყვანის საქმესთან დაკავშირებით.
ვასილ დაბრუნდაშვილის ცნობით, მისი სახლიდან დაიკარგა საბუთები, მათ შორის, თბილისის პროკურატურის გადაწყვეტილება მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომელიც მიღებული იყო 2022 წელს უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეზე. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ ახორციელებდა ჟურნალისტის მოსმენას და მისი ტექსტური შეტყობინებების გაშიფვრას. ასევე, გაუჩინარდა ჟურნალისტის საქმიანობის დამადასტურებელი რამდენიმე საერთაშორისო აკრედიტაცია. ამ მოვლენების პარალელურად, დაბრუნდაშვილი ფიქრობს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მისი უკანონო თვალთვალი, რათა გაგრძელდეს მისი დევნა პროფესიული საქმიანობის გამო.8
ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო თვალთვალის და სახლიდან საბუთების გაქრობის საქმეზე ინფორმაცია 12 ივლისს გავრცელდა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი დღის შემდეგ გაუგზავნა, ხოლო ჟურნალისტის გამოკითხვა 19 ივლისს მოხდა.
"ასეთ ფაქტებზე, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან მოხდეს მყისიერი რეაგირება, რათა დამატებით რისკი არ შეიქმნას ჟურნალისტის საქმიანობის თავისუფლებისა და მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის კუთხით." - აცხადებს HRC.
ასევე, 13 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის საქმეზე. ჟურნალისტის ავტომობილიდან წაღებული იყო მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც მისი ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის, ტელეკომპანიის კუთვნილი კომპიუტერის გარე მყარი დისკი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით (ქურდობა) მიმდინარეობს, დაკავებულია 1 პირი, ხოლო ჟურნალისტი ცნობილია დაზარალებულად. ნოდარ მელაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ძარცვა დაშინების იმიტაციაა სწორედ მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეში, სადაც ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების გამო გამოცემა იძულებული გახდა ფუნქციონირება შეეწყვიტა, სასამართლომ წამებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს ჟურნალისტისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3000 ევროს გადახდა დააკისრა, ვინაიდან გამოხატვის თავისუფლების დაცვა ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა" - აცხადებს HRC.
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ აღნიშნულ და მსგავსი ძალადობის ფაქტებს, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს და განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს გამოხატვის თავისუფლებაზე. ფიზიკური თავდასხმები და საფრთხის შემცველი გარემო კი, ცენტრის თქმით, გამოიწვევს ჟურნალისტების პროფესიიდან და ქვეყნიდან გადინების მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდას.
HRC ხელისუფლებას მოუწოდებს, უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველყოფისთვის ყველა მსგავს ფაქტზე მოხდეს დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ დაგმონ ძალადობს ყველა შემთხვევა.
"ამ ყოველივეს თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლების მხრიდან უნდა მოხდეს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველყოფის მიზნით. მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება, რათა შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს დანაშაულში ჩართულ ყველა პირს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ უნდა დაგმონ ძალადობის ყველა შემთხვევა და გააკეთონ მკაფიო განცხადებები გამოხატვის თავისუფლების და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის თავისუფლების მხარდასაჭერად." - წერია ცენტრის განცხადებაში.