Georgian Airways თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ფრენებს იწყებს. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია Tass პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის მმართველ კომპანიაზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, პირდაპირი რეისები 10 დეკემბრიდან დაიწყება, Georgian Airways კი კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას იფრენს.
1-ელ ივლისს, უკრაინამ ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.
პაკეტი მოიცავს პერსონალურ სანქციებს Georgian Airways-ის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგაც. სანქციები 10 წლის ვადით იქნება ძალაში. ჯამში სანქციები ეხება 190 პირსა და 290 კომპანიას.
თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, Georgian Airways იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.