Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების მიზნით ახალი წესების სასწრაფოდ მიღებას ითხოვენ.
ამასთან, ლიდერებმა აღნიშნეს, რომ იმიგრაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან ბრძოლას იწყებენ.
"რუსეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, ბოროტად გამოიყენონ ჩვენი ღირებულებები, მათ შორის თავშესაფრის უფლება, და ძირი გამოუთხარონ ჩვენს დემოკრატიებს", - ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელიც ბრიუსელში 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა არალეგალურ მიგრანტებთან ბრძოლის საკითხში პოლონეთს და სხვა ქვეყნებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკავშირის სხვა ლიდერებს შეხვდა. ზელენსკიმ მათ გამარჯვების გეგმა და მისი დეტალები გააცნო.