EU-ის სანქციების ფარგლებში, საქართველოდან რუსეთში, ბელარუსში მანქანების რეექსპორტი აიკრძალა

EU-ის სანქციების ფარგლებში, საქართველოდან რუსეთში, ბელარუსში მანქანების რეექსპორტი აიკრძალა

ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა. ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა.

სამსახურის თქმით, აშშ-დან საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ მანქანების ექსპორტსა და რეექსპორტზე შეზღუდვა პირველი აგვისტოდან ამოქმედდა.

"საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი" - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

შეზღუდვა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტის ნაწილია, რითაც რუსეთში ექსპორტი იკრძალება.

პირველი აგვისტოდან აკრძალვა შეეხო ამერიკიდან შემოყვანილ ავტომანქანებს, 26 სექტემბრიდან კი ეს აკრძალვა შეეხება ევროპის ქვეყნებიდან შემოყვანილ ავტომანქანებზეც გავრცელდება.

შემოსავლების სამსახურმა შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც სოციალურ ქსელში რუსეთის მოქალაქის ვიდეო გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.

რუსეთის მოქალაქე აცხადებს, რომ "გლობალური პრობლემები გაუჩნდათ" და რუსები საქართველოდან "მათი საყვარელი ავტომანქანების" შეძენას ვეღარ შეძლებენ.

ის ასევე საუბრობს საქართველოდან სომხეთის გავლით მანქანების რეექსპორტზე შეზღუდვებზეც. შემოსავლების სამსახურს სომხეთში განბაჟებული მანქანების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ არ უსაუბრია.

"რუსეთის ფედერაციაში მანქანების რეექსპორტი აღარ კეთდება, მორჩა. საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი აღარ არსებობს. ყველა თქვენი საყვარელი ავტომანქანა 2018-2019 წლის წარმოებული მერსედესები, BMW-ები უკვე აღარ შეგიძლიათ გააფორმოთ რუსეთსა და ბელორუსზე.

კიდევ ერთი ცუდი ამბავი, საქართველო ასევე არ ატარებს მანქანებს სომხეთიდან, რომლებსაც ტრანზიტული ნომრები აქვთ. სანომრე ნიშნები მხოლოდ რკინის უნდა იყოს. ამიტომ თუ კი შეიძინეთ, ან აპირებთ შეიძინოთ ავტომანქანა სომხეთში თქვენ აუცილებლად უნდა გაიფორმოთ საკუთარ სახელზე. შეზღუდვა ასევე ეხება ავტომანქანებს, რომლებიც განბაჟებულია სომხეთში და რომლებიც საქართველოდანაა შეტანილი. საქართველო არც ასეთ მანქანებს ატარებს. აი ასეთი ამბებია პირველი აგვისტოდან. აღარ იფიქროთ უტილიზაციის მოსაკრებელზე, ახლა უფრო გლობალური პრობლემები გაგვიჩნდა" - აცხადებს რუსეთის მოქალაქე.