Bloomberg: ზელენსკი რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებას დათანხმდა

Bloomberg: ზელენსკი რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებას დათანხმდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სატელეფონო ზარის დროს შეატყობინა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი დასრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ტრამპის ცნობით, სატელეფონო საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და მისივე თქმით, პრეზიდენტებმა რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნებზე ისაუბრეს.

"ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

დისკუსიის დიდი ნაწილი ეყრდნობოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინდელ საუბარს რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნით. ჩვენ მოლაპარაკებების გზაზე ვართ და მე ვთხოვ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ უოლცს განხილული პუნქტები ზუსტად აღწერონ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება", - წერს ტრამპი.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან ერთად ჰელსინკიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა მოამზადებს და პარტნიორებს გადასცემს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო ობიექტების სიას, რომლებზეც რუსეთმა თავდასხმა უნდა შეწყვიტოს.

ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი აღნიშნულ ობიექტებზე შეტევას შეწყვეტს, უკრაინა აღარ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს.