Associated Press-ის ცნობით, იემენის სანაპიროსთან ახლოს, ადენის ყურეში თავდამსხმელებმა ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი გაიტაცეს, რომელზეც, სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა.
მათი ინფორმაციით, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან ეს უკვე მესამე შემთხვევაა. როგორც ირკვევა, გატაცებაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავდა და მას კომპანია Zodiac Maritime მართავს. კომპანიის წარმომადგენელი შემთხვევას "საეჭვო მეკობრეობის ინციდენტი" უწოდა და თქვა, რომ მათი პრიორიტეტი ბორტზე 22-კაციანი ეკიპაჟის უსაფრთხოებაა.
კომპანიის განცხადებით, ხომალდს თურქი კაპიტანი მართავდა და ეკიპიჟის წევრებს შორის არიან რუსეთის, ვიეტნამის, ბულგარეთის, ინდოეთის, საქართველოს და ფილიპინების მოქალაქეები.
AP წერს, რომ ხომალდის მფლობელი კომპანია ლონდონშია დაფუძნებული და ის ისრაელელ მილიარდერ Eyal Ofer-ის ეკუთვნის.