8 ოპოზიციურმა პარტიამ ახალი ონლაინ პლატფორმა, "გააძლიერე წინააღმდეგობა" შექმნა

8 ოპოზიციურმა პარტიამ ახალი ონლაინ პლატფორმა, "გააძლიერე წინააღმდეგობა" შექმნა

რვა ოპოზიციური პარტია, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ ახალი პლატფორმის - "გააძლიერე წინააღმდეგობა" - შექმნას აანონსებენ.

ერთობლივ განცხადებაში მათ ხაზი გაუსვეს, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ წარმატებასა და საჭირო რეფორმებს არ მიაღწევენ.

"საქართველო კარგავს მომავალს. კარგავს ყველაფერს, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს მოგვიპოვებია. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ანტისახელმწიფოებრივი სისტემა, სადაც რაც უფრო სუსტდება და ღარიბდება მოქალაქე, მით უფრო მდიდრდება და ძლიერდება თვითონ. ამისთვის ის იგონებს არარსებულ მტრებს, რომ ვერ შევამჩნიოთ ნამდვილი მტერი, რომელიც ჩვენ თვალწინ, ამ ქვეყანას ერთადერთ მომავალს ართმევს. ყველაფერს კარგად ვხედავთ და ვიაზრებთ! ყოველ ღამე საქართველოს მოქალაქეები იძინებენ უფრო სახიფათო, უფრო არასტაბილურ, უფრო ქაოსურ, უფრო ღარიბ, უფრო დაუცველ, უფრო უსამართლო სახელმწიფოში. თუ ივანიშვილი შეძლებს ქართული სახელმწიფოს სრულად მიტაცებას და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხავს, ქაოსი ამ ქვეყნის ბედისწერად იქცევა.

თუმცა არსებობს მეორე გზა. გზა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები შევძლებთ ძალაუფლება დავიბრუნოთ, რომლითაც კორუფციას, ტერორს და განუკითხაობას ჩაანაცვლებს სამართლიანობა, ერთობა და მშვიდობა, ქართველებს კი საკუთარ ქვეყანაში დაედგომებათ, რადგან ეს ქვეყანა ისევ მათი იქნება. ამას მივაღწევთ მხოლოდ ერთად დგომით, წინააღმდეგობის ორგანიზებით და ამ რუსული, კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმის სრული იზოლაციით. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც რეჟიმი დასუსტდება, საქართველოს მოქალაქეები კი გავძლიერდებით. რაც უფრო ორგანიზებულები და შეკრულები ვიქნებით ხალხი, მით უფრო დეზორგანიზებული და დასუსტებული იქნება რეჟიმი.

19 ივლისის აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უპირობო წარმატების და ამ ქვეყნის საძირკვლიდან რეფორმირების გარეშე პროტესტი არ დასრულდება, რომ მას ვერ დაასრულებს სუსხი, ვერ დაასრულებს სიცხე, ვერ დაასრულებს რეპრესიები და ტერორი, მას მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს პიროვნების ღირსების სამსახურში დააბრუნებს. დარეგისტრირდი და გააძლიერე წინააღმდეგობა, თუ მზად ხარ რომ ამ ცვლილების ნაწილი გახდე", - ნათქვამია განცხადებაში.

პლატფორმის ბმული: joinresistence.ge