40 წლის განმავლობაში პირველად რუსული ტელეარხები ოლიმპიურ თამაშებს არ აჩვენებენ. ამის შესახებ Sports.ru და სხვა გამოცემები წერენ.
ფედერალური ტელეარხებმა "პირველმა" და "როსია 1-მა" ზაფხულის ოლიმპიადის ტრანსლირებაზე პოლიტიკური მოტივით თქვეს უარი, წერს Sports.ru. კომსომოლსკაია პრავდას ინფორმაციით, ტელეარხებმა არასწორად მიიჩნიეს ოლიმპიადის ჩვენება მაშინ, როდესაც თამაშებზე მხოლოდ რამდენიმე რუსი სპორტსმენი ნეიტრალური სტატუსით დაუშვეს.
ტრანსლაციის უფლების ყიდვა სურდათ "მატჩ ტვ-სა" და VK ჰოლდინგს. თუმცა აპრილში რუსეთში ოლიმპიადის ჩვენების უფლების მფლობელი, "ტელესპორტის" ხელმძღვანელი პეტრ მაკარენკო თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ თამაშებზე დაშვებულმა რამდენიმე რუსმა სპორტსმენმაც უარი თქვა პარიზში გამგზავრებაზე, კონტრაქტის გაფორმება არამიზნობრივი გახდა.
საბოლოოდ, "მატჩ ტვ-მ" და VK-მ უარი თქვეს ტრანსლაციის შეძენაზე და ოფიციალურად ოლიმპიადას არ აჩვენებენ.
ბოლოს რუსეთში ოლიმპიური თამაშები 1984 წელს არ აჩვენეს, როდესაც სსრკ-მა სპორტულ ღონისძიებას ბოიკოტი გამოუცხადა.
ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.