14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის - ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.
გარდა ამისა, დააკავეს აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.
საქმის პროკურორი ამბობს, რომ დედა იყო ადამიანი, ვინც ბავშვი, გამოქცევის შემდეგ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ე.წ. ქმართან დააბრუნა.
პროკურატურა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ "არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება", ეს არ შეატყობინეს შესაბამის ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.