ზურაბიშვილი: მე აქედან გამოვალ და თქვენ გვერდით ვიდგები, თან მიმაქვს ლეგიტიმურობა

ზურაბიშვილი: მე აქედან გამოვალ და თქვენ გვერდით ვიდგები, თან მიმაქვს ლეგიტიმურობა

საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ სასახლის დატოვების შემდეგაც ხალხის გვერდით იდგება.

მისივე თქმით, თან მიაქვს ლეგიტიმურობა, დროშა, და ხალხის ნდობა.

"მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ. დღეს ჩვენ აქ ვდგავართ - იქით სიცარიელეა, აქ არის საზოგადოება, იქით არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, რადგან ჩვენ არაფრის გვეშინია. მე მინდა თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში.

ექვსი წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, ქვეყნისა და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება - ვიქნები სასახლეში თუ მის გარეთ. მე აქედან გამოვალ და თქვენს გვერდით ვიდგები.

ეს შენობა არავისი არ არის. ეს შენობა იყო სიმბოლო იქამდე, სანამ აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე თან მიმაქვს ლეგიტიმურობა, მიმაქვს დროშა, მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს.

მინდა ერთად დავფიქრდეთ, რა არის ლეგიტიმურობა. ის მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო თქვენ ხართ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, იქ ლეგიტიმურობა ვერ იქნება.

დღემდე, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ აქ მოსულიყვნენ ან ოცნების წარმომადგენლები ან თავად ივანიშვილი, რათა ამ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი მოგვეძებნა - ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი შეთავაზება, რადგან ყოველთვის არის გამოსავალი მაშინ, როცა ქვეყანა გიყვარს. როგორც ხედავთ, აქ არავინ მოსულა. ნაცვლად ამისა, პასუხი მუქარა, რეპრესეიბი, ძალადობა, ცინიზმი და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომი იყო. პასუხია ის პაროდია, რაც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ამ სახელმწიფოს ეს არ ეკადრება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პარალელურად, მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია, რომელსაც ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხმოსმები, ვინც ის აირჩია, ეკლესიის იერარქები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები ესწრებიან.