"ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შეფასება, სანქციები ივანიშვილს" - რეზოლუციის საბოლოო პროექტი

"ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შეფასება, სანქციები ივანიშვილს" - რეზოლუციის საბოლოო პროექტი

9 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის საბოლოო პროექტს უყრიან კენჭს. რეზოლუციის ტექსტები ევროპარლამენტის სხვადასხვა ჯგუფებს ჰქონდათ მომზადებული, ჯამში, მომზადებული 7 ტექსტიდან - ევროპარლამენტარები ერთ საერთო ვერსიაზე შეთანხმდნენ.

რეზოლუციის საერთო ტექსტში მოხვდა ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირების შესახებაც. კერძოდ, ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს "მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრისა და ქვეყნის რუსეთისკენ მიბრუნების მორიგ მცდელობაში".

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოსა და EU-ის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალურ სანქციები ბიძინა ივანიშვილს "საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო".

რეზოლუციაში ევროპარლამენტარები: "კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კომისიას, შეაფასოს საქართველოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონები, გენდერული კვოტირების გაუქმება და სხვა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, მათი შესაბამისობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და არჩევნების პროცესის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან - ეს ყველაფერი [როგორ] გავლენას ახდენს საქართველოს მხრიდან ლიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესაბამისობაზე. განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია".

ასევე, რეზოლუციაში მოწოდებაა ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, "ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე", ასევე მათ მიმართ, ვინც მონაწილეობდნენ პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და მათ მიმართ, ვინც ავრცელებენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას.

რეზოლუციაში მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარება, რათა გარანტირებული იყოს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის დემოკრატიულ ნებას. რეზოლუციაში მოთხოვნაა, გაუქმდეს "მმართველი პარტიის სასარგებლოდ საჯარო რესურსებისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების ფესვგადგმული პრაქტიკა". ასევე, მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს, რომ არჩევნების დაკვირვებაში ჩართულ ორგანიზაციებს მუშაობაში დაბრკოლება არ შეექმნათ.

რეზოლუციაში ასევე დაგმობილია ქართული ოცნების ახალი წინასაარჩევნო ბანერებიც, რომელიც ევროპარლამენტარების თანახმად გამოყენებულია, როგორც "მანიპულირებისა და დეზინფორმაციის გავრცელების", ასევე წინასაარჩევნო კამპანიაში პრორუსული და ანტიუკრაინულ განწყობების გამოყენების მცდელობა.

რეზოლუციაში გამეორებულია "მტკიცე მოთხოვნა" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად გათავისუფლების მოთხოვნით და ხაზგასმულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე მის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს მთავრობას ეკისრება.