თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან მასობრივი ჩხუბი იყო - დაკავებულია 4 ადამიანი

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე რესტორან სტუმარი და მასპინძელში მასობრივი ჩხუბი მოხდა.

არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჯერ რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში 20-მდე პირი მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მომხდარზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 4 ადამიანი, თუმცა შესაძლოა დაკავებულთა წრე გაიზარდოს.

საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. მასობრივი ჩხუბის დროს, პარალიზებული იყო საავტომობილო მოძრაობაც.