სტამბოლსა და სხვა დიდ ქალაქებში ოპოზიცია დაწინაურდა - ერდოღანის პარტია დამარცხდა

თურქეთში 31 მარტს მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა. ამ დროის მონაცემებით, თურქეთის უდიდეს ქალაქებში ოპოზიციის კანდიდატები დაწინაურდნენ.

თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის - სახალხო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები 20-ზე მეტ ქალაქში ლიდერობენ, მათ შორის მათ გაიმარჯვეს უდიდეს 5 დასახლებაში: სტამბოლში, ანკარაში, ბურსაში, ანტალიასა და იზმირში.

სტამბოლში უკვე ხმების 99.98%-ია დათვლილი - ქალაქის მოქმედმა მერმა ხმების 51.09% მიიღო, მისმა მოწინააღმდეგემ კი რეჯეფ ერდოღანის პარტიიდან 39.59%.

თურქეთში ხმის მიცემა გუშინ, 31 მარტს საღამოს 17:00 საათზე დასრულდა მას შემდეგ, რაც Reuters-ის ინფორმაციით, რამდენიმე პროვინციაში დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც მოკლეს 3 ადამიანი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ "არჩევნებში დემოკრატიამ გაიმარჯვა". მან ასევე თქვა, რომ 31 მარტი თურქეთისთვის "არ არის დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია".