სირაძე: შემოვიდა ინფორმაცია ჰოლიდეი ინნ-ის ერთ-ერთ ნომერში გასროლაზე, დაწყებულია გამოძიება

სირაძე: შემოვიდა ინფორმაცია ჰოლიდეი ინნ-ის ერთ-ერთ ნომერში გასროლაზე, დაწყებულია გამოძიება

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის თქმით, შსს-ში სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში გასრულასთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

სირაძე ამბობს, რომ დაკავებულია ერთი პირი, დაწყებულია გამოძიება 2 მუხლით, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღი.

"შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება, გამოვცხადდით ადგილზე და მოხდა ნომერში ღონისძიებების ჩატარება და აღნიშნული პირი დაკავებულია. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ გაიგეს სავარაუდოდ გასროლის ხმა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტულად ნომერში შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ამ ინფორმაციას დავაზუსტებთ.

დავაკავეთ ერთი პიროვნება, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერება არ არის დასრულებული და დაზუსტებით ვერ გეტყვით, ცეცხლსასროლი იარაღი არის თუ არა ამოღებული. ახლა მიმდინარე პროცესია, დასრულდება შემთხვევის ადგილის დათვალიერება და გამოძიების პროცესში დაზუსტებას გეტყვით", - ამბობს ვაჟა სირაძე.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ უცნობი პირი სასტუმროს შენობაში მოქალაქეს იარაღით ემუქრებოდა.

მოგვიანებით, ფორმულას კადრებში გამოჩნდა, რომ პირი დააკავეს. ის შენობიდან გამოიყვანეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

ადგილზე იყო სპეცრაზმისა და პოლიციის, ასევე სამაშველო ჯგუფების მობილიზება. შენობაში შესული იყო სპეცრაზმი.

ფორმულა დეტალებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, დამატებითი ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.