საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, "ნატალია და დათუნა"-ს პროდიუსერი ელენე (ბაკა) კვირცხალია საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიონალთა გაერთიანების გვერდ GPB Guardians-თან აცხადებს, რომ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის, დღეს უკვე პატიმრობაში მყოფი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის პროტესტის ამოჭრა მოუწია.
კვირცხალია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
"არასდროს ისეთი მძიმე არ ყოფილა ჩემთვის ამ არხზე მუშაობა, როგორც ამ პერიოდში იმიტომ, რომ არასოდეს მოუთხოვიათ ჩემთვის მოსაწვევი სტუმრების სიების კონტროლი და გადაცემიდან ვიღაცისთვის არასასურველი ფრაზების ამოჭრა და ძალიან სიმბოლურია, რომ ამის თქმა მიწევს, რადგან ამ წუთებში მიმდინარეობს ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო და ერთ-ერთი იყო სწორედ ანდრო, რომელმაც გამოხატა ჩემთან გადაცემაში პროტესტი.
მაშინ კინოცენტრის პრობლემები იყო და ზუსტად ორ წინადადებაში ადამიანმა ძალიან ლაკონიურად და ძალიან მშვიდად გამოხატა ეს პროტესტი და მომიწია ამის ამოჭრა - ეს ერთ-ერთი იყო.
ჩემი სოლიდარობა ანდროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა იქ არის. ნიკა კაცია მინდა გამოვყო ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელიც ახლა მძიმე პირობებშია. ძალიან გული მწყდება, ძალიან ვამაყობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ვარ და არ მინდა, ასე გრძელდებოდეს. მინდა, რომ რადიკალურად შევცვალოთ ყველაფერი", - აღნიშნა ელენე (ბაკა) კვირცხალიამ.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო აქციების საქმეზე დაკავებული 11 ბრალდებულის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რევაზ კიკნაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილისა და სერგეი კუხარჩუკის საქმეს განიხილავს