"სახელმწიფო ვალდებულია, შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს" - ნაკაიძე ადიგენში მომხდარზე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს.

"მართლაც მძიმე ფაქტი იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, აქ სახელმწიფო არის ვალდებული, რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს ამ ყველაფერზე და არ წავიდეს იმაზე, რომ რაღაც შეთანხმებებზე იყო საუბარი და რაღაც თემებზე", - აღნიშნა მან.

ნაკაიძის თქმით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მოიწყოს სამლოცველო და როგორც თავად ამბობს, ამას წინ ვერაფერი აღუდგება.

"ცალსახად და მნიშვნელოვანია - საქართველო ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მოიწყოს სამლოცველო და შესაბამისად, მან შეასრულოს საკუთარი ლოცვები. ეს ცალსახაა და ამას ვერაფერი წინ ვერ აღუდგება, მაგრამ როცა საუბარია საზოგადოებრივ-სახალხო პოლიტიკაზე ამ შემთხვევაში და რაღაც შეთანხმებებზე, მე ვიცი ამ შეთანხმების შესახებ.

იყო საუბარი, რომ სხვა სოფელში გადატანილიყო აღნიშნული დაწესებულება, ამისთვის სახელმწიფო გაიღებდა შესაბამის თანხებს და მისცემდნენ ამ ტერიტორიის სანაცვლოდ სხვა სოფელში. ამაზე მუსლიმი თემი, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან, თანახმა იყვნენ, მაგრამ პრაქტიკულად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ განაცხადა, რომ ის თანხებს არ მისცემდა აღნიშნულ ორგანიზაციას, რადგან ის არ სცნობს აღნიშნილ მუსლიმებს. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, როცა სახელმწიფო, პრაქტიკულად, ამ ყველაფრის სათავეშია და პრობლემას ქმნის", - თქვა ნაკაიძემ.

***

გუშინ, 8 მარტს ადიგენის ცენტრში მუსლიმებს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

კერძოდ, დაპირისპირება იუსუფ მიქელაძის სახლთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას ბათუმელებმა გაავრცელა.

სახლის გარეთ ათეულობით პოლიცია და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, გარკვეული პირები შუღლის გაღვივებას ცდილობენ. მან ახსენა ადგილობრივ მღვდელი. ასევე, განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა გასულ კვირასაც მოხდა.

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ ირაკლი კობახიძეს რეაგირებისკენ მოუწოდა.