სახალხო დამცველის დასკვნით, 12 წლის ანას საქმეზე გამოიძიება არაეფექტიანად მიმდინარეობდა

სახალხო დამცველმა 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმესთან დაკავშირებით დაადგინა, რომ გამოძიება თავიდან არაეფექტიანად მიმდინარეობდა. ომბუდსმენმა შესაბამისი დასკვნა უფლებები საქართველოს იურისტების მიმართვის საფუძველზე მოამზადა.

ორგანიზაციის ცნობით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ დროულად არ ჩატარდა ის საგამოძიებო მოქმედებები რის შედეგადაც, შესაძლოა, გამოძიებას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოეპოვებინა.

დასკვნის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების "ჩაუტარებლობამ ან დაგვიანებით ჩატარებამ, შესაძლოა, გამოიწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება და შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას შეუშალა ხელი".

"სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ არასრულწლოვან ანი იანუშაიტიტეს მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. კერძოდ, არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეის მდგომარეობით, უპერსპექტივო ან მნიშვნელოვნად გართულებულია"- ნათქვამია უფლებები საქართველოს განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, სახალხო დამცველმა მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების გონივრულ ვადებში ჩატარების წინადადებით.

კერძოდ, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია შემდეგი მოქმედებების ჩატარება:

○ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და ნიმუშების აღება;

○ შემთხვევის ადგილის მახლობლად განთავსებული ავტომობილების მეპატრონეების იდენტიფიცირება და ავტომობილების შემოწმება;

○ გვამის გარშემო არსებული ხე-ბუჩქნარის მდგომარეობის შესწავლა;

○ ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების სავარაუდო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირების ვინაობის დადგენა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;

○ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ნამდვილობის შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა.

უფლებები საქართველოს ცნობით, სახალხო დამცველმა წინადადებით ასევე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომ დაიწყოს შემოწმება ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიების საქმის მწარმოებელი გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე (გაჭიანურებული ან/და ჩაუტარებელი, ასევე, ხარვეზიანი საგამოძიებო მოქმედებების ფაქტებზე).

ანა იანუშაიტიტეს ოჯახი და უფლებები საქართველო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას და მოითხოვენ:

- ანა იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე გამოიძიონ ეფექტიანად. დროულად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო ქმედება;
- სრულფასოვნად გამოიკვლიონ მტკიცებულებების დაზიანებისა და დაკარგვის ფაქტები და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
- სრულად შესრულდეს სახალხო დამცველის მიერ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წარდგენილი წინადადებები და წერილობით ეცნობოს ოჯახსა და უფლებები საქართველოს აღნიშნული წინადადებების შესრულების პროგრესის შესახებ;
- საქმეში ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები.

***

17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

5 ივლისს ორგანიზაცია უფლებები საქართველოს იურისტებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.

10 აგვისტოს მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე მოზარდის დედა დაზარალებულად ცნეს.