სააკაშვილი: მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მყოფი ქართველები ივანიშვილის სინდისზე არიან

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ნარკოკარტელის ტყვეობაში მყოფ ქართველებზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი "ივანიშვილის სინდისზე არიან".

"მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მჯდომი ქართველები, უამრავი ქართველი, ეს არის ის ხალხი, ვინც მთლიანად არის ივანიშვილის სინდისზე. ივანიშვილმა მოუწოდა მათ, დაეტოვებინათ საქართველო. ესენი არიან მამები, რომლებსაც ჰქონდათ არჩევანი - ან ეთქვათ უარი თავის ოჯახზე, საკუთარი ბავშვის გაზრდაზე და ოჯახში ყოფნაზე, ოღონდ ოჯახს ჰქონოდა საჭმელი.

როგორც ძინავთ ამის შემდეგ, როცა უყურებენ დატყვევებულ ხალხს ივანიშვილი და მისი ხელქვეითები. როგორ არ აწუხებთ რაღაცა ადამიანური მაინც", - თქვა სააკაშვილმა.

მექსიკის საზღვართან ქართველები 16 მარტს გაიტაცეს. ქართველები, რომლებიც აშშ-ში შესვლას არალეგალურად გეგმავდნენ, კრიმინალური ჯგუფის ხელში აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, მექსიკურ ნარკოკარტელს 30-მდე ქართველი მძევლად ჰყავს აყვანილი.

გუშინ, გატაცებულთა ახლობელმა ფორმულასთან განაცხადა, რომ ტყვეობაში მყოფებზე ფიზიკურად ძალადობენ და გამოსასყიდს ითხოვენ. მისი თქმით, ფულს ნარკოკარტელი ე.წ. გადამყვანისგან ითხოვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.