გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიში 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.
მასში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პერიოდში რუსმა ოკუპანტებმა 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს, საუბარია სიკვდილით დასჯის 12 ცალკეული შემთხვევის შესახებ. ანგარიშის თანახმად, ეს რიცხვი წინა პერიოდებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მისიის თანამშრომლებმა გამოკითხეს 60 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსული ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდნენ.
ანგარიშში აღწერილია ოკუპანტების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების წამება. მათ შორის ცემა, ელექტროშოკის გამოყენება, სიკვდილით დასჯის მუქარა და სექსუალური ძალადობა.
გარდა ამისა, გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ ზამთრის სამ თვეში უკრაინაში სულ მცირე 429 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1375 კი დაშავდა.