რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის ეზოში პროტესტს აგრძელებენ. ისინი ითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტრომ გააუქმოს გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევასთან დაკავშირებით.
ამასთან, მედპერსონალი ითხოვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან სურთ დოკუმენტური გარანტიის მიღება, რომ საავადმყოფოს შენობის დანგრევის შემდეგ ტერიტორიას სხვა მიზნით არ გამოიყენებენ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი, ექიმი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ "არავინაა წინააღმდეგი, მოხდეს შენობის განახლება", თუმცა აღნიშნავს, რომ "ითხოვენ, ცვლილებები ისე განხორციელდეს, რომ არ დაიშალოს რესპუბლიკური საავადმყოფო".
"ჩვენი მოთხოვნაა, რომ უპირველეს ყოვლისა შევინარჩუნოთ რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში. ეს არ არის უბრალოდ ახირება, რესპუბლიკური საავადმყოფო არის ე.წ. სახელმწიფო კლინიკა და ვფიქრობ, რომ სტრატეგიული ობიექტია და გარდა ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფო არის განსაკუთრებული იმ თვალსაზრისით, რომ არის მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა. არავინაა იმის წინააღმდეგი, რომ მოხდეს განახლება, აშენდეს ახალი, თანამედროვე კლინიკა, ამის წინააღმდეგი არც ჩვენი კოლექტივია, ჩვენ ვემხრობით ამას, მაგრამ არის ერთი მომენტი - ჩვენ ვითხოვთ, რომ განხორციელდეს ეს ცვლილებები ისე, რომ არ დაიშალოს რესპუბლიკური საავადმყოფო", - აცხადებს ლევან გოფოძე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები პარასკევს, 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას აანონსებენ.
22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".
მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით".