რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ. მედპერსონალი აქციას კლინიკის შესასვლელში მართავს.
ისინი კლინიკის დანგრევასა და მათი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებსა და განმარტებებს ითხოვენ.
მათი ინფორმაციით, კლინიკა შესაძლოა დაიხუროს და უმუშევრები დარჩნენ.
ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ მედიკოსების ვარაუდი უსაფუძვლოა.
"ჩვენ ვითხოვთ ოფიციალური პირებისგან განცხადებას, რომ წარმოგვიდგინონ ზუსტი გეგმა ამ კლინიკას და ამ ტერიტორიას სამომავლოდ რა ემუქრება. ეს არის საფრთხე თუ პირიქით. ხომ შეიძლება ვიღაც მოვიდეს და ადეკვატური პასუხი გაგვცეს. არ გვაქვს იმედები, რომ ეს პროექტები რაც გაჟღერდა ჭორის დონეზე, რეალურად ასრულდება და 2 თუ 3 წლის შემდეგ აქ ისევ კლინიკა იქნება, კვლავ შეგვეძლება მუშაობა."- ამბობს ანესთეზიოლოგიის სამსახურის უმცროსი ექიმი, ონისე ენუქიძე.
* * *
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.
თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკა მოეწყობა.
როგორც მან აღნიშნა, პროექტი "საავადმყოფოს განახლებას" ითვალისწინებს.