ფოთში მოქალაქეები აქციებს მართავენ - ისინი ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

"შეჩერდეს ტერმინალის მშენებლობა" - ამ მოთხოვნით ფოთში, ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლები უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ. მოქალაქეები მულტიმოდელური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ასევე ითხოვენ, რომ შეჩერდეს ტრაილერების გადაადგილება.

ტერმინალი დასახლებასთან ახლოს შენდება. ადგილობრივების თქმით, მუდმივად ხმაურია, რის გამოც ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. მათივე თქმით, აღნიშნულ ტერმინალზე სახიფათო ნარჩენების გადამუშავება განხორციელდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

მათივე თქმით, მშენებელ კომპანიას არ აქვს შესაბამისი დოკუმენტები. ისინი ამბობენ, რომ საკითხზე მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა უშედეგოდ.

აქციის მონაწილეებმა ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ გადაკეტეს საავტომობილო გზა. ისინი გზის გადაკეტვას დღესაც ცდილობდნენ, თუმცა ამის უფლება მათ პოლიციამ არ მისცა.