"ფასები არის ძალიან გაძვირებული" - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი უარყოფს, რომ მთავრობის მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა არჩევნებს უკავშირდება. ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში ის გაზრდილ ფასებზე საუბრობს.

"შარშან რომ მოეცათ, შარშანაც რაღაცას იტყოდნენ... არანაირ კავშირში არაა [არჩევნებთან]... რა გგონიათ ახლა ეს 35 მილიონი, მეტია? რაც იყო 25 მილიონი 20 წლის წინ, იგი გააბევრე და იმაზე მეტია, გაიგე?.. საზრუნავები იცით, რომ ყველაფერი გაძვირდა, ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს, მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს. [საჭიროება მეტისაა] რა თქმა უნდა, იგივეც რომ იყოს საჭიროება, მაშინაც არ ყოფნის ეს თანხა, იმდენად არის ყველაფერი, ხელფასები, ნებისმიერი მოთხოვნა იქნება ჰიგიენური, სახანძრო, ნებისმიერი მოთხოვნა ყველაფერი გაძვირებულია", - განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო. აღნიშნული თანხა არ შედის იმ წლიურ დაფინანსებაში, რომელსაც მთავრობა საპატრიარქოს 25 მილიონი ლარის სახით აძლევს.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საგანმანათბელო დაწესებულებებისთვის დაფინანსების გამოყოფა წლევანდელ ბიუჯეტში შარშან ჩაიდო. როგორც ის განმარტავს, საჭირო გახდა, რომ გამოყოფილი 30 მილიონი კიდევ 5 მილიონით გაზრდილიყო, რათა "საპატრიარქოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები სათანადოდ განხორციელდეს".