რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში ონლაინ მისცა ხმა. ვიდეოს კრემლი ავრცელებს.
მან ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა ნოვო-ოგარევოს რეზიდენციიდან მიიღო.
რუსეთში ონლაინ ხმის მიცემა პირველად წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში დაუშვეს. ონლაინ ხმის მიცემა 29 რეგიონშია შესაძლებელი.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს დაიწყო - ხმის მიცემა 15 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი მოქმედებს, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი.
არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის პუტინი, მეხუთე ვადით. პუტინის კონკურენტებმა უარი თქვეს თავიანთ კამპანიაში საჯაროდ გაეკრიტიკებინათ მოქმედი პრეზიდენტი. ამასთან, რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.