რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, "ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია".
"უკრაინის კრიზისი გრძელდება და სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრ გამწვავებას. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.
პუტინის თქმით, აშშ "კონფლიქტის მოგვარების მონოპოლიზებას ცდილობდა, მაგრამ არ ზრუნავდა ორივე მხარისთვის [ისრაელისა და პალესტინისთვის] მისაღები კომპრომისების პოვნაზე".
"[აშშ] კონფლიქტის მოგვარების მონოპოლიზებას ცდილობდა, მაგრამ არ ზრუნავდა ორივე მხარისთვის კომპრომისების პოვნაზე, პირიქით, საკუთარ წარმოდგენას ავრცელებდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს და ორივე მხარეზე ზეწოლას ახდენდა", - აღნიშნა მან.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.