
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკა დასრულდა. სამართალდამცველების სადარბაზოდან გამოსვლას შენობის მიმდებარედ შეკრებილი მოქალაქეების ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები: „რუსებო“, „მონებო“.
"წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი. დილის 9 საათისთვის, ვფიქრობ, რომ ზედმეტად მოწესრიგებული იყო. მასთან ერთად იყვნენ პროკურორები, რომლებსაც ეცვათ ფორმები და ეტყობოდათ, რომ პროკურორები იყვნენ. და იყო ხუთი ცალი რაღაცნაირი უფორმო. ანუ, პოლიციის ფორმები არ ეცვათ, ისეთი პოლიციელები.
რაც მთავარია, საბამ ამოიცნო ერთი. საიდან, არ ვიცი. და მითხრა, რომ ეს არიო პოლიციელიო. და ოღონდ უკვე დაწყებული იყო ჩხრეკა. უკვე სახლში შემოსულები იყვნენ პროკურორები.
პირველი რაც მოხდა — ანუ, რომ მივხვდი, რომ უკვე ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რომ ტელეფონი წაეღოთ. მე თვითონ მივეცი. იმიტომ, რომ საბა იყო სახლში. კიდევ ერთხელ ვამბობთ — არ მინდოდა, რომ ახლა ამისთვის ეყურებინა, ტელეფონს როგორ მართმევდნენ. და თან, რა აზრი ჰქონდა — მაინც წამართმევდნენ.
და პირველი ყველაზე სერიოზული რეაქცია, რაზეც ჰქონდათ — ეს იყო ლაივი. და მე მათ ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდობა არ მქონდა. და შესაბამისად, ეს იყო ჩემი დაცვა, სანამ ადვოკატი მოვიდოდა, რომ ლაივში ვყოფილიყავი. მაგრამ აი, არც კი აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას მანამდე, ვიდრე ლაივს არ გავთიშავდი.
ძალიან საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი. იმიტომ, რომ პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუსი მეთვალყურეობას უწევდა. ეს არის ძალიან საინტერესო. იმიტომ, რომ თქვენ ხომ იცით — რაღაცა ნდობის ფაქტორები მანდ არის ახლა სისტემაში მორღვეული.
ანუ, ქართული ოცნება სისტემურად ერთმანეთს ცოტა ნაკლებად ენდობა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალაუფლება ირაკლი კობახიძის ხელში გადავიდა. პროკურატურა რომ დადიოდა, სუსი ეუბნებოდა, რა უნდა ექნა. ისინი ეუბნებოდნენ, ანიშნებდნენ. ისინი იღებდნენ. ერთ-ერთი კეპიანი სუსის თანამშრომელი პირდაპირ იღებდა და რაღაც მინიშნებებს. და პროკურატურაც შემდეგ ამის მიხედვით მოძრაობდა სახლში.
ჩხრეკის განჩინება არის გაცემული პირველ აპრილს. ანუ, მე რომ სამ აპრილს დავწერე სტატუსი, რომ ჩემს სახლში ჩხრეკაზე შემოდიან. ესე იგი, ის ინფორმაცია იყო სწორი, რომელიც მე მაშინ მომაწოდეს", - განაცხადა ნნაუკა ჟორჟოლიანმა ჩხრეკის შემდეგ.
პროკურატურის თანამშრომლები ჟორჟოლიანის სახლში დღეს დილით შევიდნენ. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა სამოქალაქო აქტივისტების – მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის სახლებში.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით, მათ შორის უცხოეთიდან დაფინანსების მობილიზების მიმართულებით, რაც ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული.