პრეზიდენტი: წინ არჩევნებია - სხვების გამოცდილებით ვიცით, როგორ შეუძლია რუსეთს ჩარევა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნებია და "ვიცით, საქართველოზე ბევრად ძლიერი ქვეყნების გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება".

ამის შესახებ პრეზიდენტმა Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ღელავს თუ არა, რომ რუსეთს დიდი გავლენა აქვს მის ქვეყანაზე. მან საქართველოში პრორუსულ ჯგუფებზე ისაუბრა და თქვა, რომ ოკუპირებული ქვეყნისთვის "რთული წარმოსადგენია" პრორუსული ჯგუფების ყოლა, თუმცა ასეთები არსებობენ.

სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

"საქართველო და უკრაინა ერთ გზაზე ვდგავართ. ვიცით, რომ ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა ევროკავშირთან მეტი დაახლოებაა და ეს ის გზაა, რომელსაც უკრაინასთან ერთად მივუყვებით. ჩვენ მოლდოვასთან ერთად ასოცირებული ტრიო ვიყავით და უკრაინაში ომმა ეს გზა, ფაქტობრივად, დააჩქარა და ჩვენი ქვეყნები კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანა. გასულ წელს მიღებული რეალური გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. ეს არის მთავარი გადაწყვეტილება, რომელმაც ნამდვილად მტკიცედ წაგვიყვანა იმ მხარეს, საითაც უნდა წავსულიყავით.

ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და ვიცით ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნის გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს. ასეთი საზოგადოებისთვის პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ.

საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგან ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გუშინ გაემგზავრა. ის დღეს, 28 თებერვალს Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება.

საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი ლონდონში მოქმედი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრია, რომლის მიზანია გააანალიზოს და ხელი შეუწყოს ძირითადი საერთაშორისო საკითხებისა და მიმდინარე მოვლენების გააზრებას.