პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის პარტნიორებს და ამბობს, რომ საქართველო "არაა საცდელი ცხოველი"

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის საერთაშორისო პარტნიორებს და ამბობს, რომ "საქართველო არ არის ლაბორატორია ექსპერიმენტებისთვის და საცდელი ცხოველი". ეს განცხადება მან საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

პაპუაშვილმა მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ქართულ ოცნებას არსებული ცვლილებების გაუქმებისკენ მოუწოდებენ - "ჯერ თავიანთ ქვეყნებში მიიღონ კონსენსუსით გადაწყვეტილებები".

პაპუაშვილის მტკიცებით, ნებისმიერი პირი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო, რომელიც ოცნებას კოდექსში ძველი რედაქციის დატოვებისკენ მოუწოდებს, ქვეყანაში რადიკალიზმს ახალისებს და მიმართულია არჩევნების დისკრედიტაციისკენ. ამ პირებს შორის მან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მოიხსენია.

პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ექსპერტებმა "ხარვეზებით" მოამზადეს დოკუმენტი, სადაც მიუთითებენ 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომელიც პაპუაშვილის თქმით, აღარ არსებობს.

"რაც შეეხება ვეტო-ს, ეს არის ნაწილი იმ თავდასხმისა, რომელიც ხორციელდება არა უბრალოდ ცესკო-ს თავმჯდომარეზე ან ცესკო-ზე, ეს არის თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის მომზადება ნიადაგისა იმისთვის, რომ ტრადიციულად ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები. შეგახსენებთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები. [...] ამაში ჩართულია ვხედავთ, ოპოზიცია, ჩართულია სალომე ზურაბიშვილი და ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში. [...]

ყველა, ვინც გვირჩევს, რომ დავტოვოთ ძველი რედაქცია, არ შევცვალოთ კვალიფიციური უმრავლესობა, არ გავაუქმოთ ოპოზიციური მოადგილის მხრიდან თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა, ყველა ეს ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს ქართველია თუ უცხოელი, ყველა სინამდვილეში გვიბიძგებს იმისკენ, რომ მოხდეს არჩევნების დისკრედიტირება.

ამიტომ ყველა აქტორს, ქართველს და უცხოელს დაჟინებით მოვუწოდებ - დაფიქრდნენ, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი საუბრები არის მხოლოდ წახალისება რადიკალური ოპოზიციისა, რომ მოუძებნონ საბაბი, რომ კიდევ ერთხელ არ აღიარონ საკუთარი დამარცხება არჩევნებში. [...]

ახლა, როდესაც ვეკითხებით ევროკავშირს, როგორ მოვიქცეთ, ისინი გვეუბნებიან მოიქეცით ისე, როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იქნება. ვენეციის კომისიას როცა ვკითხეთ, როგორ მოვიქცეთ, ჩახედეთ რეკომენდაციებს, სადაც წერია, რომ ისინი ამბობენ - მოიქეცით ისე, როგორც 19 აპრილის შეთანხმებაში +წერია, ჩვენ ვერაფერს ვერ გეუბნებით. თავისი აზრი იქ საერთოდ არ უწერია ვენეციის კომისიას. ერთადერთი რაც წერია არის, რომ 19 აპრილის შეთანხმება გქონიათ თქვენ, თურმე და თუ გაქვთ ეს შეთანხმება, მაშინ მიჰყევით ამ შეთანხმებას. რა თქმა უნდა, ეს არის ვენეციის კომისიის ექსპერტების ხარვეზი, რომ მიუთითებენ არარსებულ შეთანხმებაზე. 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს.

ყველა ინსტიტუტი, ქვეყანა, ვინც მოგვიწოდებს, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ კონსენსუსით, ჯერ თავად მიიღონ კონსენსუსებით გადაწყვეტილება, არცერთ ქვეყანაში არ იღებენ. ყველა ამ ქვეყანამ - ევროკავშირს ჰყავს 27 წევრი ქვეყანა, ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები და მერე ჩვენ მოგვიწოდონ. საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია, ორი წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა თავის კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ. ეს ექსპერიმენტი არ მუშაობს. ყველა ვისაც უნდა, რომ ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ თავის ქვეყანაში დაამკვიდრონ ეს კონსენსუსები", - ამბობს პაპუაშვილი.

5 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.

მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება.

რას გულისხმობს ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილება - სრულად