
ქართული ოცნების მიერ არალეგიტიმურ პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტში "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) გამოყენებულია ტერმინები: "აშშ-ის პრეზიდენტი", "სახელმწიფო დეპარტამენტი", "კონგრესი" და ა.შ.
კანონპროექტი დღეს დაარეგისტრირეს ბიუროს სხდომაზე და თქვეს, რომ ის უნდა დაკორექტირდეს, რადგან "სიტყვასიტყვით ნათარგმნია" და "სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს" შეიცავს.
"წარმოდგენილი ინიციატივა გახლავთ აშშ-ში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანი, შესაბამისად წარმოდგენილი ინიციატივა ერთგვარ სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში აუცილებლად დასაკორექტირებელი იქნება, კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში არის ამ კანონისთვის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან ერთგვარად შეუსაბამოა. მაგალითად საქმე ეხება კანონპროექტში მოხსენიებულ ორგანოს: კონგრესს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, შტატების პრეზიდენტს და ა.შ"- თქვა ერთპარტიული პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ ბიუროს სხდომაზე.
"ოცნების" პარლამენტმა FARA და მედიისთვის ცენზურის დამწესებელი კანონპროექტები დაარეგისტრირა