ოცნება რეზოლუციას განცხადებით პასუხობს და მასაც "დიფ სთეითის გავლენებს" უკავშირებს

ოცნება რეზოლუციას განცხადებით პასუხობს და მასაც "დიფ სთეითის გავლენებს" უკავშირებს

ქართული ოცნების პოლიტსაბჭო განცხადებით ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებასა და ოცნების არაღიარებაზეა საუბარი და მასაც "დიფ სთეითის" გავლენებს უკავშირებს.

განცხადებაში ქართული ოცნება კვლავ ავრცელებს კონსპირაციებს "დიფ სთეითზე" და ამბობს, რომ "ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია".

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ეს გადამწყვეტი ბრძოლაა. ან "დიფ სთეითი" გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ „დიფ სთეითი“. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას „დიფ სთეითის" განადგურების საქმეში. ჩვენი მხრივ, დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს "დიფ სთეითის" გავლენას.

როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას "დიფ სთეითის" წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ , რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით. ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება - „ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია“.

ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია"- აცხადებენ ოცნებაში.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

რეზოლუციის პროექტი არ აღიარებს "ქართული ოცნების" მთავრობის ლეგიტიმაციას, მოითხოვს მასთან დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესებასა და აქციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლებას.

ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გააფართოვეს იმ ადამიანების სია, ვისთვისაც ევროპული სანქციების დაწესებას ითხოვენ.

რეზოლუციის მიხედვით, „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით".

ასევე, პროექტში საუბარია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობაზე.