ონკოპაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს ხვდებიან

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები და მათი ოჯახების წევრები ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ხვდებიან. შეხვედრა დაახლოებით ორი საათია მიმდინარეობს.

ისინი სამინისტროსთან ახალი მინისტრის მისვლის პარალელურად შეიკრიბნენ და თავიანთ მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მინისტრს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ამ მხრივ არსებული ხარვეზები სასწრაფოდ გამოსწორდეს.

"მე ვარ მეოთხე სტადიის ონკოპაციენტი, კვლევები ჩემი ფულით დავაფინანსე. მინდა, რომ ყველა კვლევა, რაც ონკოპაციენტებს ეხებათ, იყოს უფასო. წამლებიც გაძვირებულია. გუშინ ავიღე მაგალითად წამალი, რომელზეც 600 ლარი ეწერა. აქამდე 300 ლარი იყო, გაორმაგებულია. ყურადღება მოგვაქციოს ახალმა მინისტრმა და ჩვენი მხარე დაიცვას ყველანაირად, რადგან ჩვენ გვაქვს წამლის და სიცოცხლის გახანგრძლივების მოთხოვნის უფლება"- ამბობს აქციის მონაწილე.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად მხოლოდ 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ.

ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.