მიკროჩიპების სკანდალი - საქართველო "საეჭვო" ქვეყნების ჩამონათვალში

"მანიპულაცია" - ასეთია ოცნების პასუხი ამერიკის სენატში მომზადებულ დოკუმენტზე. საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელსაც შესაძლოა, რუსეთს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეძენისთვის იყენებდეს. რუსეთის სანქციებზე მომუშავე სენატის საგამოძიებო კომიტეტის დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. საეჭვო გარემოება რეკორდულად გაზრდილი იმპორტია. მონაცემების მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამერიკიდან საქართველოში წინა წელთან შედარებით 3370 %-ით გაიზარდა მიკროჩიპების იმპორტი. ლაპარაკია პროდუქციაზე, რომლის შეძენა რუსეთს შეზღუდული აქვს, რადგან ომის იარაღის საწარმოებლად სჭირდება.