მიკროჩიპების გაზრდილი იმპორტი აშშ-დან - ეჭვი რუსეთის დახმარებაზე, სამინისტროს განმარტება

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, საქართველომ, 2022 წელთან შედარებით, აშშ-დან მიკროჩიპების იმპორტი 3370%-ით გაზარდა.

მათი თქმით, დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს მეირ ამერიკული ტექნოლოგიური პროდუქცია შეძენაზეა საუბრი, აშშ-ის სენატში რუსეთზე დაკისრებული სანქციების ეფექტურობის განსახილველად რუსეთის სანქციებზე მომუშავე მუდმივმოქმედი საგამოძიებო ქვეკომიტეტმა 21 თებერვალს მოამზადა.

"ამ დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები მიკროჩიპებით მოვაჭრე ოთხი გიგანტური ამერიკული კომპანიის (Intel, Analog Devices, AMD და Texas Instruments) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას ეყრდნობა, რომელიც საგამოძიებო ჯგუფმა მათგან გამოითხოვა ანგარიშზე მუშაობისას. ამ კომპანიების მიერ წარმოებული ნახევარგამტარები და მიკროჩიპები ყველაზე ხშირად ხვდებათ შეიარაღების მკვლევრებს უკრაინაში გამოყენებულ რუსულ სამხედრო იარაღში", - წერს მედია.

შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთი საქართველოს, შესაძლოა, სანქცირებული, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაძენად იყენებდეს.

გამოქვეყნებულ სტატიას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მანიპულაციას უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ისახავს მიზნად.

"სტატიაში მოყვანილია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იმის დასადასტურებლად თითქოს საქართველოში კონკრეტული ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტის არაბუნებრივი ზრდა გვაქვს (ამისთვის აღებულია მხოლოდ ერთი ქვეყნიდან იმპორტი) და თითქოს საქართველოდან ეს საქონელი შეიძლება მოხვედრილიყო სანქცირებულ ქვეყანაში (ამ უკანასკნელის არანაირი მტკიცებულება კვლავ არ არის წარმოდგენილი)" - წერს მინისტრი.

ხუციშვილი აქვეყნებს სტატისტიკას, გაზრდილია თუ არა კონკრეტული ორმაგი დანიშნულებით გამოყენებადი საქონლის იმპორტი საქართველოში:

ის წერს:

1. სტატიის მიხედვით: 6-ჯერ არის გაზრდილი აშშ-დან აერონავიგაციისა ან კოსმოსური ნავიგაციისათვის საჭირო ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების იმპორტი (29 ათასი დოლარიდან 179 ათას დოლარამდე) - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 14-ჯერ, 2.6 მილიონი დოლარიდან 180 ათას დოლარამდე;

2. სტატიის მიხედვით: ინტეგრალური სქემების იმპორტი აშშ-დან ათჯერ მეტია, ვიდრე წინა 5 წლის განმავლობაში იმპორტირებული ამ პროდუქციის ჯამი (ჯამურად 2 წლის განმავლობაში 50 ათასი დოლარის) - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 3-ჯერ, 5.2 მილიონი დოლარიდან 1.6 მილიონ დოლარამდე;

3. სტატიის მიხედვით: 2016 წლის შემდეგ მხოლოდ 2022 წელს განახლდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში კერამიკული კონდესატორების იმპორტი (საუბარია 1670 დოლარის ჯამურ ღირებულებაზე) - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი გვქონდა 2019 წელს 5600 დოლარის ოდენობით და 2022 წელს 5700 დოლარის ოდენობით;

4. სტატიის მიხედვით: აშშ-დან ნახევარგამტარების იმპორტში ზრდა გვაქვს 1790 დოლარამდე 2023 წელს - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 22%-ით, 23.2 ათასი დოლარიდან 18 ათას დოლარამდე.

მისი განცხადებით, პრაქტიკულად ყველა მონაცემი, რომელიც სტატიაშია მოყვანილი კონკრეტულად ერთი ქვეყნიდან (აშშ) იმპორტის მაგალითზე, სრულიად აცდენილია რეალურ სურათს.

მინისტრი კვლავ იმეორებს, რომ საქართველოში სრულად არის დანერგილი სანქციების თავის არიდების წინააღმდეგ ეფექტური კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, რასთან დაკავშირებითაც სრულად ინფორმირებულია საერთაშორისო სანქციების დამწესებელი საქართველოს პარტნიორები.