მეწყრული პროცესების გამო, სოფელ უდეში რამდენიმე ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს - დასკვნა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ უდეში მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნის მიხედვით, უდეში, ე.წ. "პირდაპირების" დასახლებაში, სტიქიურად მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა წვიმის სახით და მაღალი ტემპერატურის პირობებში თოვლის ინტენსიურმა დნობამ, სოფლის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.

სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში მყოფი 24 მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი შეისწავლესმ, რომელთაგანაც 16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს.

ადიგენის მერიაში ამბობენ, რომ საშიშ ზონაში მყოფი 3 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. მათივე ცნობით, კიდევ 3 ოჯახს მერია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სთავაზობს და მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, 2 ოჯახი კი ამ ეტაპზე უარს აცხადებს საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთის დატოვებაზე.

რაც შეეხება დარჩენილ 8 სახლს, უწყებაში ამბობენ, რომ ოჯახები ადგილზე არ იმყოფებიან და ყველა მათგანი დაკეტილია.

"გეოლოგებმა აქტიურ მეწყრულ არეალში მდებარე სხვადასხვა ლოკაციებიც დაათვალიერეს, რასთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები გაიცა.

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ: "მეწყრული პროცესების ამჟამინდელ არეალთან ყველაზე ახლოს 8 ოჯახი იმყოფება, თუმცა მათ საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე ახლად გააქტიურებული მეწყრის მიერ გამოწვეული დეფორმაციები დღეისთვის არ შეიმჩნევა".

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ყველა რეკომენდაციის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებებს გაატარებს"- ნათქვამია განცხადებაში.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მეწყრული პროცესები თებერვალში განვითარდა. უხვი ნალექის შემდეგ, სოფელ უდეში მიწის დიდი ნაპრალები გაჩნდა. შედეგად დაიბზარა საცხოვრებელი სახლები.