მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ისევ ნარკოკარტელის ტყვეობაში რჩებიან

მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ისევ ნარკოკარტელის ტყვეობაში რჩებიან.

ფორმულას ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახის წევრი უყვება, რომ თავადაც ცნობებს სოციალური ქსელიდან იგებს და დატყვევებულთა მშვიდობიან გათავისუფლებას ელოდება.

"მე რა ინფორმაციაც მაქვს, როგორც იყვნენ, ისევ იქ არიან, ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ. სოციალური ქსელით ველოდებით ჩვენც ამბებს და ველოდებით, რომ მალე გათავისუფლდებიან", - ამბობს მექსიკაში დაკავებულის ახლობელი.

მანამდე, ტყვეობაში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ფორმულას აუდიოჩანაწერი გამოუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ კრიმინალების ხელში ქართველების რამდენიმე ჯგუფია.

ფორმულას ინფორმაციით, გატაცებული 30 საქართველოს მოქალაქიდან, 15 ადამიანის თანხა - დაახლოებით 45 000 დოლარი უკვე გადახდილია. ერთ-ერთი გადატეცებულის ცნობით, თითო ადამიანში 2 000 დოლარს ითხოვენ.

***

მექსიკის საზღვართან ქართველები 16 მარტს გაიტაცეს. ქართველები, რომლებიც აშშ-ში შესვლას არალეგალურად გეგმავდნენ, კრიმინალური ჯგუფის ხელში აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, მექსიკურ ნარკოკარტელს 30-მდე ქართველი მძევლად ჰყავს აყვანილი.

16 მარტს, გატაცებულთა ახლობელმა ფორმულასთან განაცხადა, რომ ტყვეობაში მყოფებზე ფიზიკურად ძალადობენ და გამოსასყიდს ითხოვენ. მისი თქმით, ფულს ნარკოკარტელი ე.წ. გადამყვანისგან ითხოვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.