მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოცემა ბათუმელების დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებას განცხადებით ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიის წარმომადგენლის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაკავება, სადაც პოლიციამ ასევე უკანონოდ დააკავა ათამდე მოქალაქე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მედიის წარმომადგენლის დაკავება მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, სადაც პოლიციამ ასევე უკანონოდ დააკავა ათამდე მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ დაკავების საფუძველი - კედელზე წარწერის "იფიცება საქართველო" განთავსება - წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმურ ფორმას.
კოალიცია აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას და მათი საქმიანობის შეზღუდვას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიცია უკანონოდ აკავებს მშვიდობიან მომიტინგეებს და მედიის წარმომადგენლებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, ასევე, სხვა უკანონოდ დაკავებული პირები და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პოლიტპატიმრები", - ვკითხულობთ მედიაკოალიციის განცხადებაში.
***
ბათუმში გამოცემა ბათუმელების დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს, რომელიც აქციაზე ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამაღლობელი კედელზე პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს, რომელზეც "იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე" ეწერა.
დღეს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები - ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე დააკავა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის 10-მდე აქტივისტია დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა სამმართველოსთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ აქტივისტი თათია აბულაძე დააკავა.
სამმართველოსთან ციალა ქათამიძე დააკავეს, რომელიც პროტესტის ნიშნად პლაკატს აკრავდა. მისი დაკავების შემდეგ ვაჟა დარჩია დაიჭირეს, რომელმაც დასვა კითხვა, რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ დააკავეს ბათუმელი სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელმაც, აქციის მონაწილეების თქმით, ასევე პროტესტის ნიშნად ასფალტზე დააკრა პლაკატი.
ბოლო მონაცემებით, დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.