რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძე აკონტროლებს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, საბაჟოსა და ფინანსურ პოლიციას. ფაქტობრივად, სტრატეგიულ ობიექტებზე ვსაუბრობთ. ასევე ფოთისა და ბათუმის პორტებზე,სადაც, მათ შორის, სავარაუდოდ, სანქცირებული ტვირთების გატარება ხდება. ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტს ის აკონტროლებს ვლადიმერ ხუნდაძის მეშვეობით, რომელიც განაგებს აბსოლუტურად ყველაფერს ამ უწყებაში. ფინანსთა სამინისტროში ის უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების გადაადგილებას შეუფერხებლად და უშუალოდ აკონტროლებს საბაჟოს.
ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ჯაშუშურ საქმიანობაში, ცხადია, მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. უჩა მამაცაშვილის დახმარებით მიიღო სწორედ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა. FSB-ს აგენტები ფარცხალაძე და ლილუაშვილი ქვეყანაში აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის, მათი ლობირებით დაინიშნა ბათუმის ნავთობტერმინალში საეჭვო წარსულის მქონე, რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი გივი ქუთათელაძე, რომელიც პორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მოგვევლინა რამდენიმე თვეა.
ოთარ ფარცხალაძისა და გრიგოლ ლილუაშვილის ლობირებით ბათუმის პორტიდან გაუშვეს სახელმწიფო დაცვა და ნავთობ ტერმინალის დაცვის ფუნქცია აიღო შევარდნაძის დროინდელმა მაღალჩინოსანმა სოსო ალავიძემ, რომლის დანიშვნაც FSB-ს მოთხოვნა იყო.
ფოთის პორტის ნავთობტერმინალებს აკონტროლებს ფარცხალაძე და მისი აღმასრულებელი ხელი გახლავთ გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ასევე ხელს უწყობს სანქცირებული Petrocas-ის ნავთობის შემოტანას საქართველოში და მის ტრანსპორტირებას.