ხვიჩია: ოფისში მოვიდა კაცი, თანამშრომლებს შუერაცხყოფას აყენებდა, მისი მოქნეული ხელი მომხვდა

პარტია გირჩის ერთ-ერთ ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ გვიან ღამით მათი პარტიის ოფისში მივიდა პირი, რომელიც თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, რის შემდეგაც იაგო ხვიჩია ჩაერია და მისი მოქნეული ხელი მოხვდა.

ხვიჩიას თქმით, ამ ადამიანის ძმა თავის დროზე გირჩმა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გაათავისუფლა. ხვიჩია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების და საპატრიარქოს პროპაგანდის მსხვერპლი გახდა.

"სინამდვილეში, ეს ყველაფერი გამოწვეული არის ქართული ოცნების და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით. მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში, ახლა მეორე ძმამ მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა. მოვიდა ოფისში, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე და უბრალოდ მისი მოქნეული ხელი მომხვდა. მერე საკაიფოდ ვცემეთ, მაგრამ ჯერ მაინც არ მინდა რომ დაიჭირონ, იმიტომ რომ კიდევ მყავს საცემი ერთხელ", - ამბობს იაგო ხვიჩია.

გირჩის ლიდერი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

"არ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, მე თვითონ მივხედავ. დეპუტატმა ის განვაცხადო, რომ მურუსიძის სასამართლოს ვენდობი?", - ამბობს ხვიჩია.