თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა, რომ მან ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება საკუთარი სამოსამართლეო ფიცის, კანონის უზენაესობასა და არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიღო. მან ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
"მე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს სახელით, მივიღე ჩემი სამოსამართლეო ფიცის, ჩემი სინდისის ფარგლებში, მივიღე კანონის უზენაესობის, სამართლიანობის და იმ მტკიცებულებებსა და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც მე მხარეებთან ერთად სასამართლო სხდომის დარბაზში გამოვიკვლიე და შევაფასე. [...]
ერთადერთი საკითხი და ერთადერთი ამოცანა, რომელიც იდგა ამ საქმის სასამართლოში შემოსვლისთანავე ჩემს წინ, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ საქმესთან დაკავშირებით, იყო ის, რომ ეს იყო საქმის სწორად გადაწყვეტის ამოცანა. მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ მე დაახლოებით 2000 წლიდან ვარ სასამართლოს სხდომის დარბაზებში, როგორც მხარე, შემდეგ როგორც მოსამართლე და ჩემთვის არ იყო რთული იმ გზებისა და იმ მექანიზმების მოფიქრება, შემუშავება, რომ მე არ დამეშვა რაიმე შეცდომა და მიმეღო ობიექტური გადაწყვეტილება.
პირველ რიგში, ეს კონკრეტული საქმე, რა თქმა უნდა, თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდია, თუმცა, მაინც უნდა აღვნიშნოთ ობიექტურობისათვის, რომ ამ საქმის რეზონანსულობა უფრო გამოიწვია მასმედიაში გაშუქებამ, დაინტერესებამ საზოგადოების, თორემ, წინა შემთხვევაში ჩემი სამოსამართლეო უფლებამოსილების ფარგლებში, მინდა გითხრათ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვან საარჩევნო დავებზე მაქვს გადაწყვეტილებები მიღებული და არანაკლები მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები მაქვს გამოთხოვილი, გამოკვლეული სასამართლო სხდომებზე", - განაცხადა მოსამართლემ.
**
4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. მან განაცხადა, რომ ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით, გაუქმდა ის 30 უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.