კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ეხმაურება, რომელშიც ის აგვისტოს ომში არა რუსეთს, არამედ ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე საუბრობს - ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ბოდიში საქართველოს გმირებთან არის მოსახდელი, რომლებიც რუსეთს სამშობლოსთვის ებრძოდნენ.
"საქართველოში ყველა ომი რუსეთის ხელით დაიწყო! ბოდიში ჩვენს გმირ ბიჭებთან გვაქვს მოსახდელი, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს! ასევე ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს შვილებს ბიძინას რუსული ხელისუფლების აქამდე ატანისთვის! 26 ოქტომბერს "რუსულ ოცნებას" გავუშვებთ, რის შემდეგაც აფხაზებთან და ოსებთან ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს!", - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
***
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესი" დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი "გარედან დაგეგმილი პროვოკაცია" იყო, რომლის "გამჩაღებელი" მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".