
"კულტურის მოთვინიერება საქართველოში" - ამ სახელწოდებით ამერიკის პენცენტრი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში კულტურის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს საფრთხეებზე, რომელიც კულტურის სექტორს ემუქრება.
ანგარიშში განხილულია კულტურის სამინისტროს მიერ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები რამდენიმე დარგის, მათ შორის ლიტერატურის, კინოს, თეატრისა და კულტურის კვლევის მაგალითებზე.
პენცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა კულტურის სფეროს კრიტიკულად განწყობილი წარმომადგენლების დაშინება, დევნა და მათ საქმიანობაში ჩარევა, რაც მათი შეფასებით იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას კულტურის აქტიური და დამოუკიდებელი სექტორი აშინებს.
პენცენტრის ანგარიშში განხილულია ეროვნულ მუზეუმში, ეროვნულ კინოცენტრში, მწერალთა სახლსა და სახელმწიფო თეატრებში განვითარებული მოვლენები და ნათქვამია, რომ "კულტურის დათრგუნვა, ისევე როგორც ცნობილი მოღვაწეების და ინსტიტუტების გამოყენება მთავრობის დღის წესრიგის გასაძლიერებლად, ავტორიტარული რეჟიმების მეთოდებია".
"კულტურის მოღვაწეები დიდი გავლენით სარგებლობენ საზოგადოებაში და მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ღია და დემოკრატიული კულტურის ფორმირებაში. ამიტომ, თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, თუ როგორ დევნიან და ავიწროებენ მთავრობები დამოუკიდებელ აზროვნებას, რომელიც საზოგადოებებს განსხვავებული მომავლის წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევს.
როდესაც კულტურის სივრცეებში მხოლოდ ისინი არიან წარმოდგენილნი, ვინც ხელისუფლების ხაზს აძლიერებს, ამით სიგნალი ეგზავნება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, რომ მათ თვითგამოხატვას არ მიესალმებიან და იქმნება თვითცენზურისა და იზოლაციის კულტურა", - აცხადებენ პენცენტრში.
ანგარიშში ლიტერატურის მიმართულებით განხილულ საკითხებს შორის მოყვანილია მწერალთა სახლისთვის ლიტერატურული პრემია ლიტერას ჩამორთმევა, რასაც 2021 წლის ივნისში სამინისტროს მიერ პოლიტიკის შეცვლა და ჟიურიში მათ მიერ წარმოდგენილი კანდიდატის ჩასმა უძღოდა წინ. პენცენტრმა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება შეადარა საბჭოთა კავშირის დროს "საკონკურსო ჟიურიში საბჭოთა სახელმწიფოს წარმომადგენლების დანიშვნას, რომლებსაც ევალებოდათ იმ განაცხადების უარყოფა, რომლებიც პარტიის ეთოსს არ შეესაბამებოდა".
ამასთან, საუბარია 2021 წელს სამინისტროს მიერ დაფუძნებულ ალტერნატიულ ლიტერატურულ პრემია "წლის საუკეთესოზეც" და ნათქვამია, რომ სამინისტრომ არ გამოაცხადა, ვინ შეაფასებდა ამ პრემიას, რაც "სერიოზული ნაკლია" და აღნიშნულია, რომ "არავინ, მათ შორის ლიტერატორებმაც არ იცოდნენ, ვინ შედიოდა ამ სამთავრობო პრემიის ჟიურიში".
ამასთან, განხილულია სამინისტროს გადაწყვეტილება მწერალთა სახლის დირექტორ ნატაშა ლომოურთან კონტრაქტის ვადამდე, ოფიციალურად ამოწურვამდე 3-თვით ადრე შეწყვეტაზე და მის ნაცვლად ქართული ოცნების წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნაზე.
ანგარიშში განხილულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენის გახსნაზე, მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ საკუთარი ნამუშევრის ჩამოხსნასა და კედელზე დაწერილ ფრაზაზე - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია", რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო სავარაუდო ქურდობის ფაქტზე. 2023 წლის 4 თებერვალსვე პენცენტრმა სულაბერიძის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება დაგმო.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ მეორე დღეს, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელოვანების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და მათ აქციაზე პოლიციის ინტენსიურ მობილიზებაზე გაამახვილა ყურადღება, კულტურის სამინისტროს ინსპექციის სამსახური პრეზიდენტი რეზიდენციაში შევიდა და იქიდან 5 ფერწერული ტილო გაიტანა, რის მიზეზადაც ხელოვანების მუზეუმიდან მათი იჯარით გატანის ვადის ამოწურვა დაასახელა.
საუბარია სამინისტროს მიერ 2021 წელს ეროვნულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჩატარებულ რეორგანიზაციაზეც, რომლის შედეგადაც სამსახურიდან 150-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. "ამ ნაბიჯით გადაწყვეტილების მიღების პროცესი ცენტრალიზებული გახდა, ხოლო მუზეუმებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილება შეიკვეცა", - აცხადებენ პენცენტრში.
პენცენტრი ანგარიშში კულტურის სამინისტროს მიერ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის თანამდებობიდან ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გათავისუფლებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამინისტროს ეს ნაბიჯი შეფასდა "ეროვნული ინსტიტუტის წინააღმდეგ გადადგმულ პოლიტიკურად მოტივირებულ ნაბიჯად".
ამერიკის პენცენტრის ანგარიშში მოხვდა სალომე ჯაშის ფილმი მოთვინიერებაც და ჩვენების გაუქმება კინოაკადემიის პრეზიდენტის მხრიდან. გარდა ამისა, ანგარიშში მოყვანილია მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ფილმი გააკრიტიკა და თქვა, რომ ფილმი პოლიტიკურად მოტივირებულია და ის არ უნდა შექმნილიყო.
ანგარიშში ასევე საუბარია ლაშა ჩხვიმიანზეც, რომელიც დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი იყო, 2022 წლის თებერვალში კი კულტურის სამინისტრომ, ყოველგვარი განმარტების გარეშე, გააუქმა შერჩევის პროცესი, რომელშიც მას 4-წლიანი ვადით განაცხადი ჰქონდა შეტანილი და დირექტორად სხვა ადამიანი დანიშნა. ჩხვიმიანი მის გათავისუფლებას 2019 წელს იბსენის ხალხის მტრის დადგმას უკავშირებდა, რაც პოლიტიკურ კორუფციას ეხებოდა.
"საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, შელახოს კულტურის დარგის მუშაკების და დაწესებულებების დამოუკიდებლობა, არ არის ბიუროკრატიული ახირება, არამედ ორგანიზებული ქმედებაა, რომლის მიზანიც გამოხატვის თავისუფლების და კულტურული უფლებების შეზღუდვაა. ეს თავდასხმები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ უფლებებით სარგებლობას საქართველოში და ძირს უთხრის ადამიანის სხვა უფლებების გამოყენებასაც", - აცხადებენ პენცენტრში.
ანგარიშის ავტორები რეკომენდაციებით მიმართავენ საქართველოს მთავრობას:
ამასთან, ანგარიშის ავტორები რეკომენდაციებით საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავენ:
ამერიკის პენცენტრის ანგარიშის ავტორები პოლინა სადოვკსაია და ჯეინ ბიუჯენენი არიან. პოლინა სადოვსკაია პენცენტრის ევრაზიის პროგრამის დირექტორია, ჯეინ ბიუჯენენი კი ამერიკის პენცენტრის ხელმძღვანელია.