პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროგნოზების შესაძლო გააქტიურებაზე "კონკრეტული სტიქიის პროგნოზირების საშუალებას" არ იძლეოდა.
პლენარულს ხდომაზე, სადაც კობახიძის მოსმენა მიმდინარეობს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ წაიკითხა გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც 2022 წელს საქართველოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზს მოიცავს.
დეკანოიძემ წაიკითხა ის მონაკვეთი, სადაც ნათქვამია: "მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია სოფელ ნერგეეთში" და კობახიძეს ჰკითხა, ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი.
კობახიძე ირწმუნება, რომ პროგნოზში არ იყო საუბარი "მაღალი ხარისხის რისკებზე" და არც "ლოკაცია არ იყო დაკონკრეტებული".
"რაც შეეხება პროგნოზს იმ მეწყერთან დაკავშირებით, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოხდა. აქაც სპეკულირება ხდება. ასეთი პროგნოზი ქვეყნდება ხოლმე. შესაბამისი სააგენტო აქვეყნებს ხოლმე, სადაც ჩამოთვლილია სოფლების დასახელებები, სადაც არის სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ხარისხის რისკები სახეზე. ამ შემთხვევაში, საშუალო რისკებზე იყო საუბარი და ჩამოთვლილი იყო სოფლები, მათ შორის ეს სოფელიც იყო მოხსენიებული, მაგრამ არც ლოკაცია იყო დაკონკრეტებული და არც იყო იქ საუბარი მაღალი ხარისხის რისკებზე. შესაბამისად, ეს დასკვნა არ იძლეოდა კონკრეტული სტიქიის პროგნოზირების საშუალებას სამწუხაროდ და მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. ამიტომ, კარგი იქნება ზუსტად მოხდეს პროგნოზების ციტირება, რაზეც გაქვთ ხოლმე საუბარი"- ამბობს კობახიძე.
***
გასულ დღეებში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.