დანიურმა კომპანია რამბოლმა სამი წლის განმავლობაში იმუშავა თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე. სამუშაოები დასრულდა, წარმოდგენილია დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც შეიცავს რიგ სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებს, რომელთა მიზანია დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება 20 წლიან პერსპექტივაში. შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითისთვის ასეთია თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნების პროექტები, რომლის ფარგლებში ეწყობა საავტობუსო ინფრასტრუქტურა. ასევე 18-მეტრიანი ავტობუსები შევისყიდეთ, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს. [...]
თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი. სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით, ეს შეიძლება იყოს ტრამვაი, შეიძლება იყოს მეტრო.
ზოგადად დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდ პრობლემას წარმოადგენს, ისეა გადატვირთული აღმაშენებლის ხეივანი, ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ იმისთვის, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს საცობში გაჭედილი, ამისთვის აუცილებელია აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანზე საავტობუსე ზოლები მოეწყოს. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობა უმნიშვნელოვანესი თემაა.
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.