ჰიმალაის მთებში ჩამონგრეულ გვირაბში გატარებული 17 დღის შემდეგ მაშველებმა 41-ვე ინდოელი მუშა გადაარჩინეს.
მუშები 17 დღის განმავლობაში ჩაკეტილები იყვნენ, სანამ მაშველები მთიდან გზის გაბურღვას ცდილობდნენ. ამ ხნის განმავლობაში კი ისინი არაერთ დაბრკოლებას წააწყდნენ, მათ შორის ტექნიკურს და ბოლო რამდენიმე მეტრი ხელით გაბურღეს.
ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, უტარახანდის შტატის მთავარი მინისტრი პუშკარ სინგ დამი როგორ ხვდება მუშებს, რომლებსაც გამოსვლის დროს ტაშითა და შეძახილებით შეეგებნენ.
პრესკონფერენციაზე დამიმ განაცხადა, რომ გადარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"სისუსტის ან სიცხის არც ერთი სიმპტომი არ აქვთ, ისინი ყველანი ჯანმრთელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის საკაცეები იყო, მათ დამოუკიდებლად ხოხვით გამოსვლა გადაწყვიტეს", - თქვა მან.
დამის თქმით, თითოეულ გადარჩენილ მუშას 100 000 რუპიის ($1 200) გადასცემენ.
ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი სამაშველო ოპერაციას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა:
"მინდა ვუთხრა გვირაბში ჩარჩენილ მამაკაცებს, რომ თქვენი სიმამაცე და მოთმინება ყველას შთააგონებს.
გარდა ამისა, მივესალმები ყველა იმ ადამიანის შემართებას, რომლებიც სამაშველო ოპერაციაში იყვნენ ჩართულნი. მათმა ვაჟკაცობამ და მონდომებამ ახალი სიცოცხლე მისცა ჩვენს მშრომელ ძმებს", - დასძინა მოდიმ.
41 მუშა ხაფანგში მოყვა 12 ნოემბერს მას შემდეგ, რაც გვირაბის ნაწილი, რომლის მშენებლობაში მონაწილეობდნენ, ჩამოინგრა და მათი 60-მეტრიანი ერთადერთი გასასვლელი ჩაკეტა.