გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: რა აზრი აქვს შეწყალებას და "შეაბრუნებენ" თუ ვერა სააკაშვილს?!

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალების თემა ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტუალურდა - ნავალნის სიკვდილის, თავად პატიმარი პრეზიდენტის მომხრეების მიერ მრავალ ათეულათასიანი პეტიციის ხელმოწერების, გახშირებული საერთაშორისო რეაქციების თუ ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის გამო. ამ თემაზე მოუწია საუბარი ბრიტანეთში ვიზიტისას პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც.

მართალია, მან ეს საკითხი კვლავაც ბუნდოვნად დატოვა, თუმცა, არ გამორიცხა ექსტრადიციის შესაძლებლობა, რაზეც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა. პარალელურად, ამ თემის კომენტირებისას გვესმის მტკიცება, რომ ამ ეტაპზე, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შეწყალება, მისი გათავისუფლების გარანტია სულაც არ არის. ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ ზურაბიშვილის აქტის შედეგიანობაც ეჭვის ქვეშ დგება, რაც მასზე პოლიტიკური თუ მორალური წნეხის აუცილებლობასაც ამცირებს.

მაგრამ არის კი ეს ასე? 2 მიმდინარე პროცესის ფონზე შეწყალებას აქვს აზრი? აღმოჩნდება სააკაშვილი თავისუფლებაზე და თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას თუნდაც მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ თუ ვერა? ესაა კითხვები, რომლებზე პასუხებიც მარტივი არაა და ბევრ რამეს განსაზღვრავს. ამიტომ დღევანდელ ედიტორიალში, სამართლის სპეციალისტებთან კონსულტაციებზე დაყრდნობით, შევეცდები ავხსნა, რა ობიექტური გარემოებები არსებობს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამა თუ იმ ვერსიით.

დავიწყოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ლონდონში ნახსენები ექსტრადიციით. საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება პირი, რომელსაც ეძებს სხვა რომელიმე საქართველოსთან ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებით დაკავშირებული სახელმწიფო, მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლო განხილვის შედეგად, ის უნდა უნდა გადაეცეს ძებნის გამომცხადებელ მხარეს. თუმცა, მხოლოდ იმ პირის ექსტრადიცია შეიძლება, რომელიც საერთაშორისო ანუ ინტერპოლის წესით იძებნება. თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე აქვს მისჯილი კონკრეტულ საქმეზე, მაშინ ამ ქვეყანას აქვს უფლება მოითხოვოს ბრალდებულის გადაცემა, რომ მან სასჯელი იმ სახელმწიფოში მოიხადოს, რომლის მოქალაქეობასაც ატარებს. მაგრამ, ასეთ შემთხვევაშიც, მხოლოდ მაშინ შეიძლება ექსტრადიციის აღსრულება, როდესაც პირის მიმართ არ არსებობს მიმდინარე სასამართლო საქმეები. რადგანაც სააკაშვილი არც ინტერპოლით ძებნილია და მის წინააღმდეგ საქმეები კვლავაც მიმდინარეობს, მისი ექსტრადიცია სხვა ქვეყანაში უბრალოდ გამორიცხულია.

ახლა მთავარი არგუმენტი ამ ეტაპზე შეწყალების არაეფექტურობის მიმართ: ხშირად ამბობენ, რომ თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს, ის ან ვერ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ან მაინც შეაბრუნებენ ციხეში, რაც იმის განცდას აჩენს, რომ ასეთი გადაწყვეტილება აზრს მოკლებულია. სინამდვილეში საკითხი ბევრად უფრო კომპლექსურია და სამართლებრივი, პოლიტიკური თუ პრაქტიკული კუთხით სერიოზულ განხილვას იმსახურებს, მით უმეტეს მსგავსი გამოცდილება საქართველოში უკვე გვაქვს.

სააკაშვილის მიმართ დღევანდელი მდგომარეობით ოთხი საქმე არსებობს. ორ მათგანზე მას უკვე მიესაჯა პატიმრობა, ხოლო დანარჩენების განხილვა რეკორდულად იწელება. მიმდინარე საქმეებზე მესამე პრეზიდენტს არ აქვს აღკვეთის სახით პატიმრობა შეფარდებული, რაც ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს ეს საქმეები უსასრულოდ გაწელოს. მათზე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იქნებოდა პროცესები 9 თვეში დაესრულებინა: მიესაჯა, ანუ კონკრეტული სასჯელი განესაზღვრა, ან გაემართლებინა და გაეთავისუფლებინა ბრალდებული. ამას ივანიშვილის მონა და ამერიკელების მიერ სანქცირებული კლანით მართული სასამართლო არ აკეთებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებით ივანიშვილი ინარჩუნებს შესაძლებლობას, მოქმედი პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემის შემთხვევაში გათავისუფლებული სააკაშვილი კვლავ ციხეში "შეაბრუნოს". თუმცა ქართული ზმნა "შეაბრუნოს" - ნიშნავს იმას, რომ სუბიექტი სხვა გარემოში აღმოჩნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მის ძველ სივრცეში დაბრუნება, ანუ შებრუნება. როგორც იტყვიან, ეშმაკი სწორედ ამ პროცესუალურ დეტალებშია, სადაც უკვე პოლიტიკური პროცესი შემოდის და ყველაფერი ასე სამართლებრივად ცალსახა აღარ რჩება.

თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს იმ ორ საქმეზე, რომელზე განაჩენიც უკვე დამდგარია, მის მიერ ხელმოწერილი აქტი გადაუდებელ აღსრულებას ექვემდებარება აქტის ხელმოწერის დღის 18:00 საათამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ რადგან მას სხვა მიმდინარე საქმეებზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა არ აქვს შეფარდებული, სააკაშვილმა იმავე დღეს, საღამოს 6 საათამდე პენიტენციურ დაწესებულება (ამ შემთხვევაში კლინიკა) უნდა დატოვოს. მართალია, ხელისუფლება შეეცდება სასწრაფოდ ჩანიშნოს სასამართლო სხდომა, რომელიც მას მიმდინარე საქმეებზე წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს, ან საერთოდაც განაჩენს გამოუტანს, თუმცა, ღამით, არასამუშაო საათებში სასამართლო სხდომის ჩანიშვნა და შემდეგ იმ პროცესის ექსპრომტად, ერთ საათში დასრულება, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს, ღია და აშკარა კანონდარღვევა და პოლიტიკურად მოტივირებული ქმედების ეჭვშეუვალი დემონსტრირება იქნება.

შედარებისთვის, მაგალითად გამოგვადგება გიგი უგულავას საქმე, რომელთან მიმართებაშიც საკონსტიტუციო სასამართლომ მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწურა. მართალია, საგანგებოდ მოწვეულმა სასამართლომ მას სხვა საქმეზე ახალი სასჯელი მიუსაჯა და მეორე დღეს ციხეში შეაბრუნა, თუმცა უგულავამ გარკვეული დროის შემდეგ, სხვათა შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეწყალების აქტით, პენიტენციური დაწესებულება მაინც დატოვა.

ბუნებრივია ოლიგარქის ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება მის მიერ სრულად კონტროლირებადი მართლმსაჯულებით მანიპულირებას, თუმცა შეწყალების შემთხვევაში, სააკაშვილს ექნება გარკვეული დრო, როდესაც მას გადაადგილების თავისუფლება კანონიერად ვეღარ შეეზღუდება, ხოლო უკანონოდ მისი პატიმრობაში დატოვება, უკვე პოლიტიკური პროცესი იქნება, რომლის განვითარების არაერთი ვერსია შეიძლება განვიხილოთ: დაწყებული მისი პოლიტიკური პარტიის წევრებისა თუ მხარდამჭერების უზარმაზარი არმიის რეაქციით, დამთავრებული ამ თემის მიმართ გამოკვეთილად მგრძნობიარე საერთაშორისო მოთამაშეების რეაგირებით, იქნება ეს საელჩოები თუ ცალკეული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც ჰუმანიტარული მოსაზრებებით მიშას ქვეყნიდან გაყვანისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ.

პოლიტიკური პროცესი ამ სცენარითაც რომ არ განვითარდეს და სააკაშვილის უკან შებრუნება, ღამით მიღებული უკანონო გადაწყვეტილებით მაინც მოხერხდეს, ეს უკვე ოცნების ხელისუფლების სრულიად სხვა ტიპის ღია განაცხადი და ლუსტრაცია იქნება. მეტიც, კითხვას, არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, გაეცემა საბოლოო და ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რაც სრულიად სხვა პოლიტიკურ რეალობას დააყენებს საარჩევნო ლეგიტიმაციის ისედაც ზღვარზე მოსიარულე ქვეყნის პირობებში.

და იმ შემთხვევაშიც კი, თუ გათავისუფლების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს, მიმდინარე საქმეებზე უკანონოდ შეუფარდებენ პატიმრობას და ციხეში შეაბრუნებენ, სასამართლო უკვე იძულებული გახდება, შემდეგი 9 თვის განმავლობაში მას განაჩენი გამოუტანოს, რის შემდეგაც პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების აქტის აღსრულებას უკვე თეორიულადაც კი ვეღარაფერი შეაჩერებს.

მოკლედ, ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების აქტის მიღების შემთხვევაში დატოვებს თუ არა პენიტენციურ დაწესებულებას მესამე პრეზიდენტი? პასუხია - დიახ, დატოვებს. კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას ბერკეტი მორჩილი სასამართლოს მეშვეობით, 2 მიმდინარე საქმეზე დაჩქარებული წესით მიღებული გადაწყვეტილებით კვლავ მიუსაჯოს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით სააკაშვილს და აღუკვეთოს თავისუფლება, ანუ როგორც ზევით არაერთხელ გავიმეორეთ - "შეაბრუნოს" ციხეში? დიახ, აქვს. თუმცა ამ ორ ფიზიკურ მდგომარეობას შორის არსებობს შუალედური მოცემულობა: გარკვეული პერიოდის განმავლობაში სააკაშვილი იქნება თავისუფლებაზე და მას კანონით ვერ შეეზღუდება გადაადგილება. რა შეიძლება მოხდეს ამ შუალედში? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? არსებობს თუ არა ვითარების დაძაბვის რისკები, თუ პირიქით - უცხოეთში სამკურნალოდ წასვლის შედეგად მდგომარეობის განმუხტვის, პოლიტიკური კონკურენციის შედარებით ჯანსაღ პირობებში გადაყვანის? რაც თავის მხრივ უზარმაზარ გავლენას მოახდენს ევროკავშირში გაწევრიანების ახალ, გადამწყვეტ საფეხურზე საქართველოს გადასვლისთვის? ესენია შეკითხვები, რომელზე პასუხებიც უპირველეს ყოვლისა პოლიტიკოსებმა უნდა გასცენ, მაგრამ ნებისმიერმა თქვენგანმაც შეგიძლიათ იფიქროთ. ჩემს ამოცანას წარმოადგენდა სამართლებრივ-პროცედურული კუთხით არსებული და მოსალოდნელი რეალობა დამენახებინა. ის სურათი აღმეწერა, რომელიც მოვლენათა ამა თუ იმ ვერსიით განვითარების შემთხვევაში, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში შეიძლება დადგეს.