გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოცნების, ანუ პუტინის სუვერენული დემოკრატიის "ჩინური" ვერსია

სოჭის ახალგაზრდულ ფესტივალზე პესკოვმა შემდეგი რამ განაცხადა:

"აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ ჩვენი დემოკრატიის კრიტიკა და იმის მტკიცებას, რომ ისეთი აღარაა, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი დემოკრატია საუკეთესოა და ჩვენ გავაგრძელებთ მის მშენებლობას".

პესკოვმა დასავლეთს მუშტი მოუღერა და გამოუცხადა: აღარ მოგცემთ ჩვენი დემოკრატიის კრიტიკის უფლებას, რადგან ჩვენ თქვენზე უკეთესი დემოკრატია გვაქვსო.არც ქართული ოცნების ლიდერებმა დაახანეს, მათაც შეკრეს პატარა მუშტები და მოსკოვის ინსტრუქციის თანახმად, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევაში თავად ევროპელი ლიდერები დაადანაშაულეს.

"ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის და, ახლა უკვე, ადეიშვილის მიმღებლობა დასავლეთის მიერ სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გამოიყურება. ეს მიმღებლობა ძირს უთხრის ღირებულებებს, რომლებზეც საქართველოს ევროპული მისწრაფებები დგას. მეტიც, არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე მოძალადე კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპული დემოკრატიების მიერ.

რაც უფრო მალე მორჩება ეს ფარისევლობა, მით უკეთესი. ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ.

კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

"როდესაც ასეთი ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული", - თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

"ის, რაც ქმნის ანტიდასავლური და ევრონიჰილისტურ განწყობებს არის პირველ რიგში უსამართლობის შეგრძნება. იმის გააზრება, რომ ევროკავშირში თითქოს არ სცემენ პატივს სამართლის უზენაესობას ისე, როგორც ეს უნდა ხდებოდეს", - აღნიშნა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

"დარწმუნებული ვართ და იმედი გვაქვს, რომ ევროპა ევროპულ ღირებულებებს არ გადააყოლებს ადეიშვილს იმიტომ, რომ ადეიშვილით არ დაწყებული ევროპული ღირებულება და იმედი მაქვს, რომ არ დამთავრდება", - განაცხადა ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მათთვის ვინც არ იცის, პირველ რიგში კი დღეს გარემოებათა გამო ქვეყნის საჭესთან მყოფ ფიგურებს, უფრო სწორედ ფიგურას მინდა შევახსენო, რომ დემოკრატია სახელმწიფოს მმართველობის უნივერსალური ფორმაა და მას ეროვნება არ აქვს. შესაძლოა იყოს გარკვეული განსხვავება ამა თუ იმ სახელმწიფოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, თუმცა მისი პრინციპები და შინაარსი ყველგან და ყველასთვის უცვლელია: ხალხის, როგორც ძალაუფლების წყაროს ფაქტორი, არჩევითობა, სხვადასხვა შტოებზე გადანაწილებული უფლებამოსილებები, რომლებითაც ერთმანეთის კონტროლი და ბალანსი მიიღწევა, სიტყვის თავისუფლება, ა.შ ამიტომ, "რუსული სუვერენული დემოკრატია” და თავად ეს ტერმინი "სუვერენული დემოკრატია" ბუნებაში არ არსებულისთვის ყალბი თიკუნის შებმის მცდელობაა და სხვა არაფერია, თუ არა დღეს უკვე ტოტალიტარიზმში გადასული კლასიკური რუსული ავტორიტარიზმის დასავლური სამყაროს მმართველობით ტრენდთან თავსებადობაში მოყვანისა და რუსული პოლიტიკური ელიტის, ცივილიზებული საზოგადოების ნაწილად წარმოჩენის მცდელობა. რაც, როგორც ჩანს, ყველაფრის მიუხედავად, რუსულ ელიტებს შინაგანად დღესაც აწუხებთ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ: რეალურად, დღეს გვაქვს ცარისტული რუსეთი, ცარ - პუტინით სათავეში. მაგრამ ფორმალურად არჩევნებიც ტარდება და სახელისუფლებო შტოებიც თითქოს მონტესკიეს პრინციპითაა დაყოფილი, თუმცა რუსეთს მონტესკიესეული და დემოკრატიული ცხადია არაფერი აქვს და პუტინის ხელში არც ემუქრება.

რუსული იმპერიული პროექტის განახლების ამბიციის მქონე პუტინს და მის ახლო წრეს მსგავსი ტერმინებით მანიპულირების საშუალებას შესაძლოა ქვეყნის ზომა და რესურსების მასშტაბები აძლევდეს. თუმცა, საქართველოს ზომისა და რესურსების ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ასეთი ტიპის "სუვერენულ დემოკრატიობანას" თამაში, უბრალოდ სასაცილოა და გავერთობოდით კიდეც, ეს რომ ქვეყნის მომავლისთვის უკიდურესად საშიში არ იყოს. საუბარი მაქვს ევროსტრუქტურებისა და ზოგადად დასავლური პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ მიმართულ ოცნების ლიდერების ბოლოდროინდელ მუქარანარევ განცხადებებზე, რომლებშიც ოლიგარქის მოლაპარაკე თავები არა მარტო იმას ამტკიცებენ, რომ საქართველოში უკეთესი დემოკრატია, მართლმსაჯულების სისტემა, ან თუნდაც სიტყვის თავისუფლება გვაქვს, ვიდრე საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ პრეტენზიული ტონით ტუქსავენ და შენიშვნებსაც იძლევიან.

ივანიშვილის გუნდში დღეს ძირითადად ორი ტიპის გამხმოვანებლები არიან: ცინიკოსი პროპაგანდისტები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ქართული დემოკრატია მაგალითად ბრიტანულთან ახლოსაც ვერ მივა, თუმცა ასეთი დავალება აქვთ და მათთვის განკუთვნილ როლს ასრულებენ. არის მეორე, უფრო "მაღალ პოლიტიკურ სიმაღლეზე' მყოფი კატეგორიაც, რომლის წევრებსაც თამამად შეგვიძლია დავუსვათ პოლიტიკური შიზოფრენიის დიაგნოზი, რადგან მართლა სჯერათ იმისა, რომ "ივანიშვილის დემოკრატია", ანუ რუსული სუვერენული დემოკრატიის პროვინციული, აქ უკვე ორმაგ დატვირთვას იძენს ეს შედარება - "ჩინური", ანუ ოცნებისეული ვერსი დასავლურ, უნივერსალურ დემოკრატიაზე უპირატესია.

ერთიც და მეორეც დღეს სერიოზული პრობლემაა და ხვალ უკვე შესაძლოა გადაულახავ ბარიერადაც კი იქცეს ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან როდესაც წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ითხოვ, 5 წელიწადში კი წევრობის პრეტენზია გაქვს, სრულიად თავხედურად ევროპულ ქვეყნებს კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევაში არ უნდა ადანაშაულებდე. ხოლო იმის იმედად ყოფნა, რომ ბრიუსელი მაინც არ მიგვატოვებს და ყველაფრის მიუხედავად ძალით "შეგვათრევს" ნანატრ ევროკავშირში ყოვლად ინფანტილური და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა ქვეყნის მომავლის მიმართ. დრო სწრაფად გადის, შესაძლებლობის ფანჯარა კი მუდმივად ღია ვერ იქნება. ჩვენი ხელისუფლება კი ევროკომისიის 9 პუნქტის სასწრაფოდ შესრულების ნაცვლად გერმანიისა და ევროკავშირის ელჩებს იბარებს და საქმეებს ურჩევს.

დასკვნა: სანამ საქართველოს ხელისუფლებაში პოლიტიკური შიზოფრენიით შეპყრობილი, უკეთეს შემთხვევაში კი ცინიკოსი, რუსეთის ჩინური ვერსიის პროპაგანდისტები იქნებიან, ევროკავშირის წევრობა, რომელიც ერთი ხელს გაწვდენაზეა, კვლავ ილუზიად და ფიქციად შეიძლება დარჩეს.