გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მონები მონებად და "Никогда в жизни!"

გასულ კვირას, როდესაც უკრაინის ქალაქებსა თუ სოფლებზე რუსული შეტევა წუთითაც არ წყდებოდა, ხოლო ოდესის დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი 5 ბავშვის ცხედარი ჯერ არ გაცივებულიყო, პუტინი და მედვედევი სოჭის ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალით ე.წ. მშვიდობის ფორუმით თავს იწონებდნენ და ცდილობდნენ შეექმნათ ილუზია, თითქოს რუსეთი არა იზოლირებული და კეთროვანი, არამედ კვლავაც მიმზიდველი, ჩაგრული ერების ინტერესების დამცველი და მსოფლიოსა თუ სამეზობლოში მშვიდობისა და კეთილდღეობის მოსურნე სახელმწიფოა.

საბჭოთა ბავშვობა გამოვლილებს, რუსულ ტელეარხებზე ამ კადრების ნახვისას ყველას გვახსენდება “მირუ მირ” და სხვა ყალბი საბჭოთა ლოზუნგები. თუმცა, განსაკუთრებულ უხერხულობას ის გვიქმნის, კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვა - გულს გვირევს, რომ იქ ხუთჯვრიანი დროშების ფონზე, ქართული სახელისა და გვარის ადამიანები პოზირებენ და ტაშს უკრავენ პუტინისა და მედვედევის პარანოიალურ ტექსტებს, რომლითაც თან მახინჯი იმპერიის აღდგენაზე ღიად ღაღადებენ და თან მსოფლიოში მთავარ მშვიდობისმყოფელად ფაშისტურ-რაშისტური რუსეთის წარმოჩენას ცდილობენ. მეტიც, იქვეა არაღიარებული რესპუბლიკების, მათ შორის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშებიც, მათი სეპარატისტი ლიდერები კი პატრონების ორგანიზებულ სხვადასხვა ფორმატში აქტიურად მონაწილეობენ.

ოცნება ამ ყველაფერზე სამარცხვინოდ დუმს. პარალელურად, რუსული კანონის ჩაგდების წლისთავზე, მდინარაძე, საქართველოს რუსეთად გადაქცევის მცდელობაზე ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობის სრულიად ჯანმრთელ რეაქციას, “საუკუნის აფიორას” უწოდებს, მათ კი შეცდომაში შეყვანილებად ასაღებს. თუმცა რა გასაკვირია. სწორედაც რომ ქართული ოცნების პოლიტიკის და მორალური კლიმატის შედეგია, რომ სოჭში ე.წ. საქართველოს დელეგაცია ასე ამაყადაა წარმოდგენილი, კრემლი კი მათი გამოყენებით ლპობის ფაზაში გადასული იმპერიული პროექტის სისხლით, ნგრევითა და პროპაგანდით შეკოწიწებას ცდილობს.. პარალელურად, საქართველოს პარლამენტის გვერდით, კაფეში, ოცნების ერთ-ერთი ლიდერი რუსული გავლენების საქმეში არაერთხელ გამოცდილ ,,გამტარს” - რუსული სპეცოპერაცია ,,გარეჯი საქართველოა-”ს მთავარ ფიგურანტს - ხიდაშელს ხვდება და რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასა და აფხაზეთის თემის ,,დალაგებაზე” ებაასება.

,,ჟიული შარტავა ( რომელსაც 7 მარტს 80 წელი შეუსრულდებოდა) გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ქართველი კაცის ღირსების სიმბოლოდ იქცა. მჯერა, ისტორია მის გმირობას არასოდეს დაივიწყებს”, ვკითხულობთ ოცნებისვე პრემიერის ოფიციალურ განცხადებაში, მაშინ როდესაც ვერც კობახიძე და ვერც ოცნების სხვა ლიდერები პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რაც სოჭში ხდება, და დარწმუნებული ვარ თავადაც დიდი სიამოვნებით ჩაენაცვლებოდნენ მონაწილეებს, ოღონდ პუტინისა და მედვედევის ქება ღირსებოდათ, მათ ელიტებს კი ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე კიდევ უფრო მეტი ფული ეკეთებინათ.

პრემიერს მინდა შევახსენო, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ, სოხუმის ყოფილ მერს, ასევე ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას 77 წელი შეუსრულდებოდა. გაბესკირია ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს. მან სეპარატისტების და ოკუპანტების წინაშე მუხლი არ მოიდრიკა. ,,Никогда в жизни!" “არასოდეს ცხოვრებაში!” - ეს იყო გურამ გაბესკირიას ბოლო სიტყვები, რომელიც მან სწორედ რუსულად წარმოთქვა. სხვათა შორის, შარტავაც და გებესკირიაც საბჭოთა სისტემაში მაღალ პარტიულ, თუ სამეურნეო თანამდებობებზე მუშაობდნენ, გამორჩეულები იყვნენ ორგანიზაციული ნიჭით და ავტორიტეტით. არაერთი წელი რუსეთშიც ჰქონდათ გატარებული. გადამწყვეტ, ისტორიულ მომენტში, საოცარი თავგანწირვითა და სიმამაცით ქართველი კაცის ღირსების მაგალითები შექმნეს. ქედი არ მოიდრიკეს. თავისუფლება არ დათმეს. მთავარი ის კი არ არის წარსულში სად, ან რა სისტემაში გიმუშავია, ან თუნდაც რა ენაზე იტყვი სათქმელს, თუნდაც ეს მტრის ენა იყოს, არამედ ის თუ რას იტყვი, რას გააკეთებ საკუთარი ქვეყნისთვის და გადამწყვეტ, კრიტიკულ მომენტში როგორ მოიქცევი.

ამ მხრივ, გასული კვირა უდავოდ იშვიათად თვალშისაცემი იყო კონტრასტული ნიშნებით, რომელმაც შარშანდელი მოვლენების წლისთავზე კიდევ ერთხელ და ძალიან მწარედ შეგვახსენა, რომ ხელისუფლებაში გვყავს ღირსებადაკარგული, საკუთარი ქვეყნისა და ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასეულობების მიმართ ზურგშექცეული, იმპერიის მარიონეტებად ქცეული, კერძო სარგებელს გამოკიდებული ადამიანების ჯგუფი. მეორეს მხრივ კი ჩვენს გვერდით, ან საპატიმროში არიან გასული საუკუნის თაობებისაგან, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე - ძალიან განსხვავებული, არამარტო, მაგრამ პირსინგიანი თუ ტატუიანი ახალგაზრდები, რომელთა სიმამაცისა და თავგანწირვის შედეგია ერთი წლის წინ რუსული კანონის ჩავარდნა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის გადარჩენა. დარწმუნებული ვარ, დღეს რომ ცოცხლები იყვნენ, ჟიული შარტავაც და გურამ გაბესკირიაც სწორედ ამ ახალგაზრდებით იამაყებდნენ, ხოლო მათი გმირობის დამფასებელი ქართველი და საქართველოს ისტორია თამამად იტყვის, რომ მათი სულები უკვდავია, ხოლო ის რასაც სიცოცხლე შესწირეს - ანუ თავისუფლება, და ის რაც დაიცვეს - ქართველი კაცის ღირსება - გადარჩენილი!

მონები მონებად დარჩნენ. გმირებმა 1 წლის წინათაც უთხრეს რუსებს მათთვის გასაგებ ენაზე "Никогда в жизни!!!"