გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: EU - "დრო იწურება. თუ სხვა პრიორიტეტი გაქვთ - გვითხარით!"

მოლაპარაკებების გახსნა ბოსნია ჰერცოგოვინას, დადებითი შეფასება უკრაინასა და მოლდოვას და არც ერთი საქებარი სიტყვა საქართველოს - ეს არის ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროპული საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება. გზავნილი ბრიუსელიდან მკაფიო და ნათელია: თუ საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლა სურს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩაატაროს, სასამართლო რეფორმა განახორციელოს და 9 დათქმის დანარჩენი პუნქტებიც ბოლომდე შეასრულოს.

ოცნების პასუხმა არ დააყოვნა. ჩაირთო ანტიევროპული პროპაგანდის ახალი რაუნდი. პაპუაშვილმა ევროკავშირი კვლავ საქართველოს უსამართლოდ დაჩაგვრაში დაადანაშაულა. კალაძემ კი დეტალურად აგვიხსნა ამის მიზეზი და ისიც, რომ თურმე ევროკავშირს საქართველოში არეულობა, გადატრიალების მოწყობა და ხალხის ხელისუფლებასთან დაპირისპირება სურს.

ამ ხაზის ლოგიკური და მიზანმიმართული გაგრძელებაა ივანიშვილის ხელისუფლების მცდელობა პრაქტიკაში აამოქმედოს ის რუსული კანონი აგენტების შესახებ, რომელიც 1 წლის წინ, მასობრივი პროტესტით შეშინებულმა ოცნებამვე უკან წაიღო. ხელისუფლება ხისტად უტევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვაშინგტონსა და ბრიუსელს და მათი საშუალებით საქართველოში არეულობისა თუ გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს.

რატომ განაახლა ოცნებამ ანტიდასავლური პროპაგანდა ახალი ძალით და რატომ ადანაშაულებს ბრიუსელს საქართველოს უსამართლოდ დაჩაგვრაში მაშინ, როდესაც წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების სტადიაზე გადასვლას ველით? ან რატომ ცდილობს ევროპელი დონორების ბულინგსა და არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზაციას მაშინ, როდესაც ანტიევროპულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა 9 დათქმის პირველ პუნქტში შავით თეთრზე წერია?

ამ კითხვაზე პასუხს ევროკავშირის ღიად გამოთქმული პოზიცია გვაძლევს: “საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა კანდიდატებისთვის და უმაღლესი პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც გადამწყვეტი როლი ექნებათ პროცესში”, - ვკითხულობთ ევროკავშირის საგარეო სამსახურის საგანგებო განცხადებაში, რომლითაც ის სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას გამოეხმაურა. კიდევ უფრო მკაფიო იყო ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი, რომელმაც პაპუაშვილის ანტიევროპულ რიტორიკაზე პასუხად განაცხადა, რომ დრო იწურება, საგზაო რუკა კი კონკრეტული 9 ნაბიჯის ერთობაა... და თუ არსებობს სხვა პრიორიტეტები ევროკავშირში ინტეგრაციის გარდა, ეს უკვე თქვენი არჩევანიაო.

როგორც ჩანს, ევროკავშირი არ აპირებს მარტივად გაუტაროს საქართველოს ხელისუფლებას ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ მიღებული საარჩევნო კოდექსი და მართლმსაჯულების რეფორმაზე, კერძოდ კი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ტესტზე გაცხადებული ცივი უარი. რასაც ივანიშვილის ხელისუფლება ნაცადი ხერხით, პოლიტიკური შანტაჟითა და გაძლიერებული ანტი-ევროპული პროპაგანდით უპირისპირდება. წინასაარჩევნოდ კი ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას 9 დათქმის შესრულებას მკაცრად მოსთხოვს და მის გარეშე, ქვეყანას, ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე არ გადაიყვანს, უსამართლოდ დაჩაგრულის მანტია მოირგოს, საზოგადოება კი ომითა და არეულობით დააშანტაჟოს. ხოლო თუ დაინახავს ნიშნებს რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით ბრიუსელი კვლავაც დადებითი გადაწყვეტილებისთვის ემზადება, მაშინ კვლავ შეარბილებს რიტორიკას, მოლაპარაკებების სტადიაზე გადასვლას კი აქტივში ჩაიწერს და ტრადიციულად ურცხვად - საკუთარ გამარჯვებად მონათლავს.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, წინასაარჩევნო პოლარიზაცია, რომელიც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის შეცვლილი ტაქტიკისა და რიტორიკის შედეგად სულ უფრო დაბლა იწევს, რაც ივანიშვილს უსპობს იმ უპირატესობას, რასაც ის ორპოლუსიანობითა და პოლიტიკური ველის რადიკალიზებით აღწევდა. დღეს ოპოზიციის ძირითადი ნაწილი მაღალ ფასებზე, უმუშევრობაზე, ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, კორუფციასა და ქვეყნიდან ლუკმაპურის საშოვნად გადახვეწილ ადამიანებზე საუბრობს, რაც მათგან მტრის ხატის, ომის პარტიის, თუ არეულობის მომწყობების გამოძერწვას ართულებს. როდესაც პოლიტიკურ მოედანზე ოპოზიცია გაცილებით მშვიდად და გაწონასწორებულად, რაც მთავარია საქმიანად გამოიყურება - ვიდრე მმართველი პარტია, მოსახლეობაში შიში იკლებს. არადა საარჩევნო ამოცანის მისაღწევად ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საგარეო მტრის ხატი, რომელიც ე.წ. “აგენტების” ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, თითქოსდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობასა და ქაოსის შექმნას ცდილობს.

დიდი ალბათობით, სწორედ ამას ემსახურება ივანიშვილის მარიონეტების მორიგი საგაზაფხულო ,,ევროალერგია“, საიდანაც მთავარი დასკვნა პირველ რიგში ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს. თუ მართლა გვინდა საქართველო ევროინტეგრაციის მომდევნო საფეხურზე გადავიდეს და 2030 წლის დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი გახდეს, რაც ჩვენი მოსახლეობის უმთავრესი პრობლემების, მათ შორის უმუშევრობისა და გაჭირვების მოგვარების საუკეთესო საშუალებაა, საჭიროა ოცნების ხელისუფლება, რომელიც დღეს ანტიევროპული განწყობების მთავარი წყარო და ქვეყნის ევროპული მომავლის მთავარი წინაღობაა, მომავალ არჩევნებზე კოალიციური, პროდასავლური ხელისუფლებით შეიცვალოს.

ანუ, ევროკავშირის ზემოთ ნახსენები გზავნილი: "დრო იწურება. თუ სხვა პრიორიტეტი გაქვთ, გვითხარით!" - მთავრობაზე მეტად ჩვენ გვეკუთვნის - ქართველ ხალხს! და დრო რომ მოვა, პასუხიც ჩვენი გასაცემია. თუ ევროკავშირის წევრობა გვინდა - ეს ნიშნავს, რომ ოცნება არ გვინდა და პირიქით...