პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს შეხვდა. ზურაბიშვილის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი განიხილეს.
"ერთად განვიხილეთ შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდეს.
პრეზიდენტ იოჰანესონთან ერთად განვიხილეთ ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უმძიმესი და სტრატეგიული დღევანდელი გამოწვევა - ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში, რასაც აცხადებს რუსეთი და აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა წარმოადგენენ ახალ აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ და ასევე დესტაბილიზაციის ნაბიჯებს შავი ზღვის მიმართულებით", - ამბობს ზურაბიშვილი.
დღეს დილით თბილისში, ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.